მარიამობის თვეში, ერთ საშინელ ცხელ დღეს, მაგდანა ჯანმიხდილი, საშინელი ქშენით და ოფლში გაწუწული ავიდა იმ აღმართზე, საიდანაც სწორე გზა იწყებოდა სოფლამდე, და ძალიან გაუკვირდა, რომ სოფო ჩვეულებრივ არ მოეგება და შიშით გული გადმოუქანდა.
- ვაიმე, შვილებო! - გულში ხელი ჩაიკრა და თითქმის სირბილით მიიჭრა სახლში. იმისი შვილები და სოფლის გოგო-ბიჭები დერეფანში დიდი ღრიანცელით თავს რაღაცას დასტრიალებდნენ; მაგდანამ მისწი-მოსწია ბავშვების გროვა და გაოცებული შედგა: მიწაზე დაცემული სახედარი იწვა, კისერი საცოდავად გადაეგდო და მძიმედ ქშინავდა. მაგდანას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და ბავშვები მირეკ-მორეკა. შემდეგ დიდის გულისხმიერებით გაუსინჯა სახედარს წელი, ფეხები და რა დარწმუნდა, რომ სახედარს მოტეხილი არა აქვს რაო, უფრო ტკბილად გაიღიმა.
- დედა, ისი, მიხას ეგ ვირი გზის ნაპირას ენახა; დამიძახა და რის ვაი-ვაგლახით მოვაგდეთ შინამდინ. ის იყო უნდა დამება და ბალახზე წავსულიყავ, რომ საცოდავი დატორტმანდა და ძირს დაეცა. მე ყვირილს მოვყევი, გოგო-ბიჭები შემოცვივდნენ და აი ზედ დატანებაზედ შენც მოხვედი.
- ოჰ, შვილო, თუ სახედარი მობრუნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, აბა, წადი ჩქარა ბატონიანთ სათივეში, ღობის გვერდებში მიგლიჯ-მოგლიჯე მწვანე, სულ ნორჩი ბალახი და საჩქაროდ მოირბინე.
მაგდანას სულ დაავიწყდა, რომ დაღალულ-დაწყვეტილი იყო და საჩქაროდ სახედრის მოვლას შეუდგა. გაათბო წყალი, გადაგლეჯილი და დაიარავებული ზურგი მოჰბანა, ნავთში გავლებული ჩვარი დააფარა, შეკრული კრიჭა გაუხსნა და ცივი წყალი ჩაასხა. შემდეგ მარილმოყრილი ლუკმა ჩაუდო და გადასავსავებული პირუტყვი მოაბრუნა. ამასობაში სოფოც მოვიდა მწვანე ბალახით დატვირთული და ვირს ალერსით წინ დაუყარა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ბავშვის აღზრდა რთული, მაგრამ სასიამოვნო გამოცდილებაა. ასე რომ, გაატარეთ მათთან სასიამოვნო და სახალისო მომენტები. მარტივი საქმეების ერთად გაკეთება ჩამოგიყალიბებთ ნდობას და ძლიერ კავშირს თქვენს შვილთან. გარდა მშობელისა, თქვენ უნდა იყოთ მისი მეგობარი, ადამიანი, ვისაც უყოყმანოდ დაეყრდნობა.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო