ცხვრის ფარა
ცხვარმა უთხრა მეორე ცხვარს,
ეჭვი მაქვსო ასეთი:
- მგონი მწყემსის ძაღლი ვნახე,
მგელთან ღამე-ნათევი...
მგელი ცხვრის ხორცს მიირთმევდა,
ძვლები ოხრად რჩებოდა;
ძაღლი იჯდა გატრუნული,
მგელი ემუქრებოდა:
„ჩვენ ხომ ერთი სისხლის ვართო,
ძმა ვარ შენი, დიდიო;
ჩემთან მტრობას ის გერჩივნოს,
შენ ჩემს რჩევებს მისდიო:
ცხვარი სიტყვას შეგიბრუნებს?!
მოიყვანე ჩემთანო;
შინ წესრიგი გექნება და
ჩემგან უხვად ქებაო!
მგელი გვყავდა ჩვენ ნაქები,
წინაპარი, წმინდაო!
კაცის გვერდით რომ დადგები,
ჩემთან ომი გინდაო?“
ეს რომ ცხვარმა მოისმინა,
ბოლო ხმაზე აყვირდა:
ამას ასე არ დავტოვებ,
მე, მე - ნახეთ რას ვიზამ!
მიხვდნენ, აუცილებელი -
იყო ძაღლის მხილება,
მაგრამ დილით გადაწყვიტეს
სხვების ინფორმირება.
მეორე დღეს სხვებს ეს ცხვრები
თვალით აღარ უნახავთ.
ამბობენ, რომ ძაღლს ისინი
მგლისთვის გადაუნახავს...
განა ძაღლი, ვინც ცხვარს უვლის,
ყველა შინაურია?!
ზოგი ძაღლი უჯიშო და
ძვალზე გაყიდულია!
26 დეკემბერი, 2022 წ.
დავით ცვარიანი