საქათმე

Scroll

საქათმე

მამალი ჭაში ჩავარდა,
კრუხებს გაებათ კაკანი:
რომელი დახმარებოდა,
რომელს ჩაეშვა ბაწარი?!

ერთმა თქვა ჩემი ვალია;
მეორემ - ეგრე სად არის?
მესამეს კატამ გასძახა -
მეოთხეაო მართალი!

მამალი ქვემოთ გაჰკივის,
ზემოთ ქათმებს აქვთ ამბავი,
იქ კატა თათებს ილოკავს:
ჭად ეგულება ვახშამი...

ჩხუბით რომ გადაიღალნენ,
აზრი გაუჩნდათ ამგვარი:
- წიწილებს დავეკითხოთო,
ვინ არის ჩვენში მთავარი...

ამასობაში დაღამდა,
კატაც შეწუხდა ნანახით,
ერთი ეგ დარჩა იმ საწყალს,
ჭირისუფალი, სანატრი.

კატამ ძაღლს უთხრა, ძაღლმა თხას,
თხას ძროხასთან აქვს ნათქვამი,
ძროხამ ღორს, ღორმა ცხვარს უთხრა,
ჭორი აგორდა ამგვარი:

- „მზე რომ ამოვა ცაზე და
არ დაიყივლებს არავინ,
დილით ვინ გაგვაგებინებს,
რომელი არის საათი?!

ქათმებს ნუ დავემსგავსებით,
ჩვენს თავთან ვიყოთ მართალი,
ამოვიყვანოთ, ამ მამალს,
სხვა მაინც არ ჰყავს გამტანი!“

არავინ იცის რა მოხდა,
როგორ გაგრძელდა არაკი...
დილით თქვეს, თურმე მზე იყო
მამლის ყივილით გამთბარი...

მაგრამ აქ, იცით ყველაზე
უცნაურობა რა არის?!
გამოკითხვებში ქათმებთან,
ჯერ შედეგებიც არ არის!
28 დეკემბერი, 2022 წ.
დავით ცვარიანი