3, წამი...
ეძღვნება შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულებს
რამდენიმე წამი უსმენ და ფიქრობ, ნეტა რისი ხმაა ასეთი? წვიმა არაა, სეტყვაც არაა თითქოს... ნეტავ ზემოთ, ხეობაში ხომ არ არის სეტყვა? არა, მოღრუბლულიც კი არაა, ასეთ ამინდში წვიმას და სეტყვას რა უნდა?! უცებ გულში რაღაც შფოთვა გაგივლის, სუნთქვაც შეგეკვრება თითქოს წამით, გრძნობ რომ ფილტვები გეკუმშება. ყრუ, მძიმე ტალღა დაგივლის მკერდში. ღრმად ამოისუნთქავ და ბავშვებს გახედავ... ისინიც დაცქვეტილი ყურებით, დაჭყეტილი თვალებით, შეჩერდნენ და მომღიმარი უსმენენ ამ ახალ, უცნაურ, და ასეთ ძლიერ და გამაყრუებელ ხმას. გულის სიღრმეში უხარიათ რაღაც სიახლე, უხარიათ საშიში სიახლე და გიყურებენ რომ მიხვდნენ, მართლა უნდა შეეშინდეთ თუ არა! ხვდები მათ ეჭვებს, ძალით უღიმი - თვალებით ცდილობ ანიშნო რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ღიმილს ერთ წამსაც ვერ ინარჩუნებ და ისევ გახედავ ხმაურს ტყეში. ტყეში, სადაც აქამდე მხოლოდ მდინარის ჩუხჩუხი ისმოდა ხოლმე. ეს ხმა კი არ წყდება, პირიქით მატულობს, უფრო და უფრო გამაყრუებელი და საშიში ხდება ის. გაიფიქრებ, რამე ხომ არ გვემუქრება ნეტავ?! თუ უბრალოდ ვერტმფრენის ხმაა?! მაგრამ არა, ვერტმფრენის ხმას არ გავს თითქოს. შეიძლება სამხედრო ვერტმფრენის ხმაა? არა, ამის გაფიქრებაც კი არ გინდა! თვალებით ისევ ბავშვებს გახედავ - ყველა იქვეა, ყველას რომ ხედავ მშვიდდები და წამოდგომას ცდილობ ხის ჩრდილში გაშლილი ზეწრიდან. წამოდგომისას გადმოკეცილ კუთხესაც გაასწორებ, ბავშვებმა სირბილისას რომ გადაირბინეს და წესრიგის მარადიული მტრებისთვის ჩვეული გულგრილობით აურ-დაურიეს იქაურობა. მიწაზე დიდი ხანი ჯდომის გამო ფეხის კუნთები გაქვს დაბუჟებული და მძიმედ დგები, ზანტად სწორდები და ხედავ, თუ როგორ გარდაიქმნება შენს წინ ხეების აქამდე სანატრელი ჩრდილი, რაღაც ტალახიან მასად. ცოტა დაუჯერებელია მაგრამ ჰო, შენს წინ საოცარი ტყის ჩრდილი უზარმაზარ ტალახად გარდაიქმნა ისე, რომ ვერც კი იაზრებ ზუსტად რა ხდება. მაგრამ ხვდები შენსკენ მომავალი ტალახის მასას წინ ყავისფერი, ცივი და ნაფოტებით სავსე წყლის მასა მოუძღვება, რომელიც დაუნდობელი სიმწარით გირტყამ მუხლებში. ხვდები რომ სასწრაფოდ უნდა გაიქცე, ბავშვებს ხელი მოკიდო და გაიქცე სადმე, მაგრამ ეს ტალახი ხომ ასეთი სისწრაფით მოდის? გაასწრებთ რომ გაიქცეთ? იქნებ ხეზე ახვიდეთ? წამით შეავლებ თვალს იქვე მდგომ ხეს და ხედავ, როგორ იხრება ნელ-ნელა ისიც ქვემოთ. ყვირი ბავშვების სახელებს! ყვირი და ხვდები რომ ამასაც ვეღარ ახერხებ, რადგან ტალახმა თითქმის მთლიანად ჩაგითრია და გიჟური სისწრაფით მიგათრევს ქვემოთ, როგორც შენს გვერდით ფესვიანად მოგლეჯილ ხეს. წუხდები და გაბრაზებს ის, რომ შენი ფეხები უფრო სწრაფად მიაქვს ტალახის ქვემოთ მიმავალ წყალს, ვიდრე შენი ტანი, ისე სწრაფად, რომ ძირზე მიწასაც ვეღარ გრძნობ. ცდილობ ფეხები აქეთ-იქით იქნიო, იქნებ რომელიმე ფეხით ქვემოთ რამე მყარს მოედო, როგორმე მყარი ძირი ნახო რომ თავი გაიმაგრო, წამოდგე... მაგრამ ახლა გრძნობ როგორ მიაქვს წყალს ის ზემოთ, თავი კი ქვემოთ, გრძნობ როგორ გატრიალებს მთლიანად, როგორ გაბურთავებს შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. წეღან ტალახის ზემოთ გეჭირა თავი, ჰაერის ჩასუნთქვას ახერხებდი, ახლა ესეც აღარ გამოდი, თავი მთლიანად ქვემოთ ჩაითრია ტალახმა! არაუშავს, ერთ წამში თავი ისეც ტალახის ზემოთ აღმოჩნდება, ჩაისუნთქავ და მზად ხარ კიდევ გადაგატრიალოს ტალახმა. თუმცა მთელი კუნთებით დაძაბული ხარ, არ გინდა რომ ასე, მის ჭკუაზე გატაროს ამ ცივმა, უგულო ჭუჭყმა! დაჭიმული გაქვს ხელები, ფეხები; კბილებსაც მთელი ძალით აჭერ ერთმანეთზე, თითქოს შენი სიჯიუტით ებრძვი ამ ურჩხულს! მაგრამ უკვე ხვდები რაც ხდება... იმასაც ხვდები რომ თავი უნდა დაიცვა, გაუფრთხილდე, ეცადო რამეს არ მიარტყა, გაგიმართლოს და რამე არ მოგხვდეს თავში. თავი?! ჰო, ცდილობ ზემოთ გეჭიროს, რომ ჩასუნთქვა კიდევ მოახერხო, მაგრამ ახლა ხვდები, რომ თავით ქვემოთ ხარ, პირითაც ქვემოთ. რაღაც დიდხანს გაგრძელდა ამ ჯერზე! ზემოთ რატომ ვეღარ ამოდიხარ? არადა ჰაერის ჩასუნთქვა ვერ მოასწარი! ცდილობ თავი სულ ცოტათი მაინც წამოწიო ზემოთ. ცდილობ და აი, ახერხებ კიდეც. სულ ცოტაზე და წამის მეასედით შენი სახის ქვეშ სიცარიელე ჩნდება. ლოყებით, ტუჩებით, ცხვირით გრძნობ შენი სახის ქვეშ ამ სიცარიელეს; რა თქმა უნდა იმედიც გეძლევა, რომ აქ ჰაერია! აქ ჰაერია და შეისუნთქავ მოწყურებული ბევრი ფიქრის და განსჯის გარეშე! მაგრამ სანამ რამის გააზრებას მოასწრებ, ეს სიცარიელეც წყლით და ტალახით ივსება. ვერ ხედავ ამ სიცარიელეს, ვერ ხედავ მის წყლით შევსებას, მაგრამ გესმის, გრძნობ როგორ შეივსება ეს პატარა იმედი ამ საშინელი ტალახის მასის ქვეშ. დაწყებულ შესუნთქვას ინერციით განაგრძობ და ტალახიანი წყალი შეგდის ცხვირში. თუმცა შენ ყოჩაღი ხარ! ასწრებ შესუნთქვა შეაჩერო, მაგრამ სიყოჩაღე იმას ვეღარ ყოფნის, რომ თავი კიდევ უფრო უკან გასწიო და ახალი წარმოსახვითი სიცარიელე შექმნა შენს წინ... ტალახიანი წყალი უკვე ცხვირში გაქვს. უფრო უკანაც, ყელშიც. ცხვირიდან გადასულ ტალახიან მასის გადაყლაპვას ასწრებ, მაგრამ ახლა დაცემინება გინდა რომ მოიშორო ეს საშინელი მასა ცხვირიდან; დახველება გინდა რომ ყელში გადასული ტალახიც მოიშორო როგორმე. ჯანდაბა, ფილტვებშიც არაფერია რომ ამოისუნთქო, ამოახველო! ახლის შესუნთქვას ცდილობ, მაგრამ იგივე... იქნებ სუნთქვის შეკავება შეძლო ცოტა ხნით მაინც?! და ცდილობ თუ რამე დარჩა ფილტვებში, იმ ჰაერით დააცემინო, ამოახველო, მოიშორო ეს საშინელი ჭუჭყი სასუნთქი სისტემიდან! მაგრამ მკერდზე გრძნობ, რომ რაღაც გაჭერს. ქვემოდან უზარმაზარი ლოდები და ეს მასა გატრიალებს როგორც მის პატარა სათამაშოს. სანამ ჰაერი შეიკავე, ერთერთი ხელით ცდილობ რამეს მოეჭიდო, ზემოთ წამოიწიო, მაგრამ ამ ხელსაც თავის ჭკუაზე მიათრევს ტალახიანი ხის ნაფლეთები და ქვები. ვერც ხვდები ორივე ხელი დაგრჩა თუ არა. ვერ ხვდები, ვეღარ გრძნობ იმიტომ რომ ყველა ძვალი უკვე დამტვრეული გაქვს. ყველა ძვლის მტვრევის ხმა სათითაოდ გესმოდა, გრძნობდი მთელი ტანით მათ მტვრევას და გიკვირს, რომ ტკივილსაც ვეღარ გრძნობ. არც ის გაღელვებს ხელები გაქვს თუ არა, ფეხებს ხომ გრძნობ ჯერ კიდევ! ხვდები რომ ენერგია არ უნდა დახარჯო! გახსენდება, რომ შესაძლებელია ცოტა ხანი უჰაეროდაც გაძლოს ადამიანმა! ხვდები რომ ენერგიის დახარჯვა, სტრესი, ნერვიულობა უფრო მეტად დაგღლის! ცდილობ მობილიზება გაუკეთო აზრებს! თან იქნებ ამ საშინელმა, ცივმა მიწის და წყლის მასამ თავისით ამოგიტანოს ზემოთ, გაგრიყოს სადმე ნაპირზე. გიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე! გიხარია რომ აზრებს თავი მოუყარე! თუმცა იმასაც ხვდები, რომ ამით მხოლოდ შენი უსუსურობის გამართლებას ცდილობ! ძალა რომც გქონდეს, ხვდები, რომ ფეხი მუხლში წინ არ უნდა მოღუნულიყო - ეს ფეხიც მოგტყდა ნეტავ? მაგრამ გრძნობ მას და წამიერად გაიფიქრებ, ნეტავ საავადმყოფოში რომ მოხვდები, ამ ფეხის მიმაგრებას ხომ შეძლებენ? დღეს ხომ კეთდება ასეთი ოპერაციები? დღეს ხომ შეუძლიათ მოტეხილი და მომძვრალი ფეხი და ხელი მიამაგრონ სხეულს? ნეტა არ დაიკარგოს ეს ფეხი... რა დროს ესაა! ახლა ჰაერია მთავარი! ხვდები, რომ ჰაერი გჭირდება ყველაზე მეტად! ცდილობ, ცდილობ და მხოლოდ წყალი შედის ცხვირში. პირველი შესუნთქვაა რთული, თორემ ახლა უკვე სულერთია რას სუნთქავ! უბრალოდ სუნთქვა კი არა, ჟანგბადი გინდა და ახლა ამ ტალახიანი წყლის შესუნთქვასაც ვეღარ ახერხებ! ისეთი სიმძიმე გაწვება ფილტვებზე, მკერდის გაშლასაც ვეღარ ახერხებ! ცდილობ გარეთ მიაწვე და დარჩენილი ჰაერი გარეთ გამოუშვა, ესეც ხომ სუნთქვა იქნება? თანაც, ოდნავ შესუნთქვის მცდელობაზეც კი, ფილტვებში ჩამტვრეული ნეკები გესობა. ხვდები რომ მხოლოდ გარეთ უნდა გამოუშვა ჰაერი! არადა ამოსასუნთქი ჰაერიც აღარაა. ყურებში გულისცემა მატულობს, გულისცემა სულ უფრო ხმამაღლა ისმის, მაგრამ თითო დარტყმას შორის ახლა მთელი საუკუნე გადის... გგონია რომ ყურები გაგისკდება ისე ძლიერად გესმის საკუთარი გულისცემა ყურებში... ნელ-ნელა გრძნობ როგორ თეთრდება ყველაფერი გარშემო; როგორ ნათდება ეს სიბნელე, რომელიც ტალახის ქვეშაა. გულისცემას თანდათან სისინის ხმა ანაცვლებს, რომელიც ქვების გამაყრუებელ ხმაურს დაახშობს მალე. ტკივილს აღარ გრძნობ, უბრალოდ ქვების ეს გამაყრუებელი ხმა ფარავს ყველაფერს. ამ ხმას - ყურებში გამაყრუებელი სისინი, შემდეგ ისევ ლოდების ხმაური და ეს ხმაური გაფხიზლებს წამიერად; არ გაძლევს მოდუნებულს მიძინების საშუალებას. ეს ის ხმაა, ზღვაში ჩაყვინთვისას ქვების მიკაკუნებით რომ გაგიგია ოდესღაც. ისეთი ოღონდ ასჯერ, ათასჯერ უფრო ძლიერი. ქვების ხმა არ ჩერდება, მაგრამ ეს ხმა აღარ გაღელვებს, ზღვაც აღარ გაღელვებს, აღარც მთა, აღარც ეს არდადეგები... ხვდები, რომ ისე სწრაფადაც აღარ მიდის ეს ტალახი, ხვდები რომ თითქოს მხოლოდ მიწის მასაში დარჩი, თითქოს წყალმა აქ უკვე ჩაიარა და ახლა სადღაც ქვემოთ მიაქვს სხვა ქვები, სხვა ხეები, სხვა სხეულები... გრძნობ, რომ აქ იმდენი წყალი აღარ არის, რამდენიც თავიდან, მაგრამ სველი მიწის ქვეშ ჰაერი მაინც არ არის... შესუნთქვას მაინც ვერ ახერხებ... თვალებში სრულ გათეთრებამდე ერთის გაფიქრებას ასწრებ. ყველა შეკითხვას ერთად სვამ - ცალ-ცალკე ხომ მათი დასმის დროც აღარაა: ფიქრობ, მე თუ რამე ცუდი მომივა, ჩემი შვილები როგორები გაიზრდებიან ნეტა? როგორები იქნებიან ნეტა? ახლა რომ სკოლისთვის ვემზადებოდით, ამ ამბის მერე სკოლაში პირველი დღე როგორი ექნებათ? ვინ წაიყვანს მათ სკოლაში? ბებია? ბაბუა? ჩემი მშობლები? დედა, მამა, აუჰ, როგორ ინერვიულებთ ჩემს ამბავს რომ გაიგებთ. ბავშვებს რას ეტყვით ჩემზე? საზღვარგარეთ წავიდა და მალე ჩამოვაო? მაგრამ უფროსებს ხომ ვერ დაუმალავთ რაც მოხდა?! როგორ დაუმალავთ, ხომ თვითონ ნახეს რაც მოხდა, ისინიც ხომ აქ იყვნენ... ეს ფიქრები გაგიჟებს და სიბრაზისგან ხელს უჭერ ძლიერად. ხელს უჭერ და ხვდები, რომ ამ ყინულივით ცივი, ტალახიანი ხის ნაფლეთების და დამსხვრეული ქვების ჯოჯოხეთური მასაში, შენგან ცოტა მოშორებით, ხელში თბილი, ფუმფულა, შენი შვილის ხელი გიჭირავს... მაგრად უჭერ ხელს ხელზე და გულში ბოლო ხმაზე ყვირი: არ ინერვიულო პატარა! მე აქ ვარ, ყველაფერი კარგად იქნება! შენ ოღონდ არ ინერვიულო...
16 აგვისტო, 2023 წ.
დავით ცვარიანი