ფერმოკავშირი
ამბავი იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის გადაბარგდა თხების ოჯახი ფერმაში საცხოვრებლად
თხების ოჯახს ფერმის გარეთ
უწევთ ღამით ძილი -
„თხებივით“ რომ იქცევიან,
არ უშვებენ შიგნით!
გარეთ თუნდაც თოვდეს, წვიმდეს;
დარია თუ ყინავს,
ამას არ აქვს მნიშვნელობა,
მაინც გარეთ სძინავთ!
ერთხელ, სოფლის სიახლოვეს
დაუნახავთ მგელი:
მეზობლისგან მოეპარა
ციკანი და ნეზვი.
ფერმელებმა გადაწყვიტეს
ემსჯელათ და მიხვდნენ:
- თხების გარეთ დატოვება
აღარ ღირდა მეტი!
თუმცა ასე არ ახარეს
თხებს ეს ცნობა, ხაფად:
პირობები წაუყენეს,
მშვიდად უთხრეს, ამბად:
„საღამომდე შევხედავთო,
თქვენს საქციელს, თხებო!
ყირაზე თუ არ გადახვალთ,
შემოგიშვებთ დღესო!“
ეს რომ მამა-თხამ გაიგო:
თავდაყირაც დადგა,
ხტუნვასაც ხომ მოუმატა?!
სახურავზეც აძვრა!
გაუკვირდათ ფერმის შიგნით:
- ნუთუ, ვერ ვთქვით სწორად?
რა ვუთხარით - რას აკეთებს?!
ვერ არისო ცოტა!
მაგრამ უკვე ღამდებოდა,
მგლის ისმოდა ღრენა,
- თხა ჯანდაბას, ციკნის ხათრით
შეიყვანეს ყველა!
თხები ერთად მოიხელთეს,
მათი აღზრდა სურდათ,
ზოგი რიდით, ზოგიც ლიზღით,
არიგებდნენ ჭკუას:
თხასავით ნუ იქცევითო -
იღრუტუნა ღორმა!
თხასავით ნუ კიკინებთო -
დაიბღავლა ძროხამ!
მაგრამ რა ქნას, თხამ რაც იცის
იმას სჩადის ყველგან!
რატომ უკვრთ? თქვნც ხომ იცით -
ძალით რომ არ შვრება?!
არ იციან ცხვარმა, ცხენმა,
ინდაურმა, ბატმა?!
- სხვანაირად რომ მოიქცეს,
არ იქნება თხა - თხა!
მოსწონთ ახლა, თუ არ მოსწონთ,
ხომ შეუშვეს?! - მორჩა!
ჰოდა ახლა ერთად უწევთ,
დღეც და ღამეც ყოფნა!
5 იანვარი, 2024 წ.
დავით ცვარიანი