kids.ge logo

საშაბათო განმავითარებელი პროგრამა

საშაბათო განმავითარებელი პროგრამა

Kids.ge-ს საშაბათო განმავითარებელი პროგრამა განკუთვნილია 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და აერთიანებს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სამ მნიშვნელოვან მიმართულებას - ემოციური ინტელექტის განვითარებას, მხატვრულ ლიტერატურასა და ხატვას.

პროგრამის მთავარი მიზანია, ბავშვებს ასაკის შესაბამისად დავეხმაროთ საკუთარი თავისა და ემოციების უკეთ გაცნობაში, აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, წიგნთან და ლიტერატურასთან დაახლოებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაში.

ყოველ შაბათს ტარდება სამი გაკვეთილი:

  • ემოციური ინტელექტის განვითარება
  • მხატვრული ლიტერატურა
  • ხატვა

სამივე მიმართულება ერთმანეთისგან განსხვავებულ უნარებზე მუშაობს, თუმცა მათ საერთო მიზანი აქვთ - ხელი შეუწყონ ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას, გააძლიერონ მისი დამოუკიდებლობა, თვითგამოხატვა, აზროვნება, შემოქმედებითობა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები.

პროგრამაზე ბავშვები ასაკის მიხედვით მცირე ჯგუფებად ნაწილდებიან:

  • 4–6 წლის ბავშვები
  • 6–8 წლის ბავშვები
  • 8–12 წლის ბავშვები

მეცადინეობების შინაარსი, აქტივობები, ტექსტები და დავალებების სირთულე თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის ცალ-ცალკე შეირჩევა.

ემოციური ინტელექტის განვითარება

ემოციური ინტელექტი ბავშვს ეხმარება უკეთ გააცნობიეროს საკუთარი ემოციები, გამოხატოს ისინი მისაღები ფორმით, გაიგოს სხვა ადამიანების განცდები და თანდათან ისწავლოს რთულ ემოციებსა და სოციალურ სიტუაციებთან გამკლავება.

შეხვედრები მოიცავს ასაკის შესაბამის თამაშებს, საუბარს, როლურ და სიტუაციურ სავარჯიშოებს, ისტორიებსა და სხვა განმავითარებელ აქტივობებს. შეხვედრებს ფსიქოლოგი უძღვება.

ბავშვები ეტაპობრივად მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • საკუთარი ემოციების ამოცნობა და დასახელება;
  • ემოციების გამოხატვა და მართვა;
  • სხვისი ემოციებისა და საჭიროებების გაგება;
  • ემპათიის განვითარება;
  • საკუთარი სურვილებისა და აზრის გამოხატვა;
  • თავდაჯერებულობისა და ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება;
  • პირადი საზღვრების გაცნობიერება და დაცვა;
  • მოსმენა, თანამშრომლობა და ჯგუფში ურთიერთობა;
  • უთანხმოებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • იმედგაცრუებასთან, გაბრაზებასთან და სხვა რთულ ემოციებთან გამკლავების გზების სწავლა.

4–6 წლის ასაკში მთავარი ყურადღება ემოციების გაცნობას, მათ ამოცნობასა და მარტივი სიტყვებით გამოხატვას ეთმობა. თამაშისა და სხვადასხვა სიტუაციის საშუალებით ბავშვები სწავლობენ რიგის დაცვას, გაზიარებას, მოსმენას, დახმარების თხოვნასა და თანატოლებთან ურთიერთობას.

6–8 წლის ბავშვებთან უკვე მეტად ვითარდება საკუთარი ქცევისა და ემოციური რეაქციების გააზრება. ბავშვები სწავლობენ განსხვავებული შეხედულებების მიღებას, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, საკუთარი აზრის გამოხატვასა და სხვისი პოზიციის მოსმენას.

8–12 წლის ასაკში უფრო დიდი ყურადღება ექცევა თვითშეფასებას, პირად საზღვრებს, თანატოლებთან ურთიერთობას, საკუთარი ქცევის შედეგების გააზრებას, რთული ემოციების მართვასა და სოციალური სიტუაციების დამოუკიდებლად შეფასებას.

მხატვრული ლიტერატურა

ლიტერატურასთან ურთიერთობა მხოლოდ კითხვის უნარის განვითარებას არ ნიშნავს. კარგი ნაწარმოები ბავშვს აძლევს შესაძლებლობას შეხვდეს განსხვავებულ ადამიანებსა და სიტუაციებს, დაფიქრდეს პერსონაჟების ქცევაზე, განიხილოს მათი არჩევანი, გამოთქვას საკუთარი აზრი და წარმოსახვით აღმოჩნდეს სრულიად განსხვავებულ სამყაროში.

მხატვრული ლიტერატურის გაკვეთილებზე ბავშვები ასაკის შესაბამისად გაეცნობიან ქართულ და მსოფლიო საბავშვო ლიტერატურას, კლასიკურ და თანამედროვე ავტორებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, ლექსებსა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მუშაობის მიზანია:

  • წიგნისა და კითხვის მიმართ ინტერესის გაძლიერება;
  • მოსმენილი და წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება;
  • საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გამოხატვა;
  • მსჯელობისა და არგუმენტირების უნარის განვითარება;
  • ამბის თხრობისა და გადმოცემის უნარის განვითარება;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრება;
  • წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • პერსონაჟების ქცევის, მოტივებისა და ემოციების გააზრება;
  • ტექსტში მიზეზისა და შედეგის დანახვა.

ლიტერატურის მიმართულებას საბავშვო მწერლები ლელა ცუცქირიძე და ვასილ გულეური ხელმძღვანელობენ და ბავშვებთან შეხვედრებსაც თავად ატარებენ. გაკვეთილი არ არის აგებული მხოლოდ ტექსტის წაკითხვასა და მის მოყოლაზე - მას ახლავს საუბარი, მსჯელობა, თამაშები, შემოქმედებითი დავალებები და ასაკის შესაბამისი აქტივობები.

4–6 წლის ბავშვებთან მთავარი ადგილი უჭირავს მოსმენას, სურათებითა და ილუსტრაციებით ამბის გააზრებას, პერსონაჟების გაცნობას, მოვლენების თანმიმდევრობის აღდგენასა და საკუთარი სიტყვებით მარტივად გადმოცემას.

6–8 წლის ასაკში ბავშვები უფრო აქტიურად მსჯელობენ პერსონაჟებზე, მათ გადაწყვეტილებებსა და ამბის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. მუშაობა ხელს უწყობს წაკითხულის გააზრებას, სიტყვათა მარაგის გამდიდრებასა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.

8–12 წლის ბავშვებთან ტექსტთან მუშაობა თანდათან უფრო ღრმა ხდება - ბავშვები სწავლობენ პერსონაჟების მოტივების განხილვას, განსხვავებული ინტერპრეტაციების მოსმენას, საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას და ტექსტის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას.

ხატვა და შემოქმედებითი მუშაობა

ხატვის გაკვეთილების მიზანია არა მხოლოდ ბავშვისთვის ხატვის ტექნიკის სწავლება. ხელოვნებას ვიყენებთ როგორც შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვის, დაკვირვების, ნატიფი მოტორიკისა და თვითგამოხატვის განვითარების საშუალებასაც.

ბავშვები ასაკის შესაბამისად ეცნობიან ფერწერასა და გრაფიკას, მუშაობენ ფერზე, ფორმაზე, ხაზზე, კომპოზიციაზე და სხვადასხვა სახატავ მასალაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შერეულ ტექნიკებსაც. ჩვეულებრივ ხატვასთან ერთად ბავშვები გამოიყენებენ აპლიკაციას, კოლაჟს, პაპიე-მაშესა და სხვა შემოქმედებით ტექნიკებს. სხვადასხვა მასალისა და მეთოდის ერთმანეთთან დაკავშირება ბავშვს აძლევს ექსპერიმენტის, აღმოჩენისა და საკუთარი იდეის განსხვავებული გზით განხორციელების შესაძლებლობას.

გაკვეთილებზე მუშაობა ხელს უწყობს:

  • შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარებას;
  • ფერის, ფორმისა და კომპოზიციის აღქმას;
  • დაკვირვების უნარის განვითარებას;
  • თვალისა და ხელის კოორდინაციის გაუმჯობესებას;
  • ნატიფი მოტორიკის განვითარებას;
  • ყურადღებისა და სამუშაოზე კონცენტრაციის გაძლიერებას;
  • დამოუკიდებლად არჩევანის გაკეთებას;
  • საკუთარი ჩანაფიქრის დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • სხვადასხვა მასალასთან თავისუფლად მუშაობას;
  • საკუთარი ნამუშევრისა და შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მიმართ თავდაჯერებულობის განვითარებას.

4–6 წლის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მასალის თავისუფლად გაცნობა, ფერებითა და ფორმებით ექსპერიმენტი, ხელის მოძრაობის განვითარება და საკუთარი ჩანაფიქრის ხატვითა თუ სხვა მასალით გამოხატვა.

6–8 წლის ასაკში ბავშვები უფრო მიზანმიმართულად მუშაობენ გამოსახულებაზე, ფორმაზე, ფერთა შეთანხმებაზე, მარტივ კომპოზიციასა და სხვადასხვა ტექნიკის ერთმანეთთან შერწყმაზე.

8–12 წლის ბავშვებთან შესაძლებელი ხდება უფრო რთული ფერწერული, გრაფიკული და შერეული ტექნიკების გამოყენება, ჩანაფიქრის წინასწარ დაგეგმვა, დეტალებზე მუშაობა და საკუთარი მხატვრული გადაწყვეტილებების გაცნობიერებულად მიღება.

ასაკობრივი ჯგუფები

პროგრამა განკუთვნილია 4-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის.

ბავშვები სწავლობენ ასაკის მიხედვით დაკომპლექტებულ ჯგუფებში:

  • 4–6 წელი
  • 6–8 წელი
  • 8–12 წელი

ასაკობრივი დაყოფა გვაძლევს საშუალებას, თითოეულ ჯგუფში შევარჩიოთ ბავშვების განვითარების ეტაპისთვის შესაბამისი თემები, ნაწარმოებები, თამაშები, შემოქმედებითი აქტივობები და დავალებების სირთულე.

შეხვედრების ფორმატი

პროგრამაზე შეხვედრები ტარდება ყოველ შაბათს, 11:00 საათზე (ჯამში მეცადინეობების ხანგრძლივლობა 2 საათი და 25).

ერთი სასწავლო დღის განმავლობაში ბავშვებს უტარდებათ სამი სხვადასხვა გაკვეთილი:

  1. ემოციური ინტელექტის განვითარება;
  2. მხატვრული ლიტერატურა;
  3. ხატვა.

ამგვარად, ერთი დღის განმავლობაში ბავშვი მუშაობს როგორც ემოციურ და სოციალურ, ისე ინტელექტუალურ, ენობრივ და შემოქმედებით უნარებზე.

სწავლის საფასური

პროგრამის სწავლის საფასურია 180 ლარი ოთხი შაბათისთვის.

საფასური მოიცავს ოთხ სასწავლო დღეს და თითოეულ დღეს სამ გაკვეთილს - ემოციური ინტელექტის განვითარებას, მხატვრულ ლიტერატურასა და ხატვას.

გაცდენილი მეცადინეობების საფასური არ ანაზღაურდება და გაცდენილი გაკვეთილები მომდევნო სასწავლო პერიოდზე არ გადადის.

რეგისტრაცია

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია ან დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

ჯგუფში ადგილი შეირჩევა ბავშვის ასაკის შესაბამისად.

„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, დაკავდეს სპორტით ან ცეკვით

ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვს, განთავისუფლდეს სტრესისგან და გააუმჯობესოს ჯანმრთელობა.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026