kids.ge logo

ქოსა და ყადი

ფავორიტებში დამატება

ერთი ქოსა იყო ერთსა სოფელსა შინა დიაღ გლახაკი და ერთი უსხი ჰყვა მსუქანი. უთხრა ცოლსა: უსხსა ამას გავყიდი, ეგების შენთვის და ჩემთვის სამოსელი ვიყიდოო.

წაიყვანა უსხი ქალაქად. სხვა ქოსა შემოეყარა, ევაჭრა და სამი მარჩილი აძლივა. ამან ოთხად დაუფასა. ვერ შერიგდენ.

წავიდა იგი მოქალაქე ქოსა, ბაზრები დაირბინა, ყოველსა ყასაბს უთხრა: ერთს ქოსას უსხი ჭამებული მოჰყავს გასასყიდად და ყველამ უთხარით: თხა არის და თხის ფასად ვიყიდითო.

მივიდა, ყადიც გაანდო და ტყავი ყადს უქადა.

რა ეს ზროხის პატრონი ქოსა მომავალი ნახეს, ყოველმან ყასაბმან ნახევარი მარჩილი აძლივეს: ეგ თხა მომყიდეო!

იწყინა ქოსამ და უთხრა: აქლემის ოდენს უსხსა თხის ფასად ვაჭრობთო?

მათ თქვეს: თხა არისო.

შეცილებაზე წავიდენ ყადთან კითხვად. ყადმაც თხობა ბრძანა. მასცა საქალამნე რგებოდა და ქოსას ვინღა რას აუბნებდა?

ნახევარი მარჩილი მისცეს და ქოსას უსხი წაართვეს, დაკლეს. გულმტკივნეულმან ქოსამ თქვა: არაკად თქმულა: თხის პატრონს აღარც თხის კუდიო? მაგისი კუდი აგრემც მომეცითო!

კუდი გამოართვა და წავიდა.

გამოხდა ცოტა ხანი, ყადს ცოლი მოუკვდა. ესმა ქოსას. გამოართვა ცოლს ლეჩაქი და ტანთ საცვამი, დედობრივ მოეკაზმა და ზროხის კუდი შიგნით შემოირტყა და მოვიდა ყადის კარზე.

გამოვიდა ყადი, დიაცი ნახა, მოჩივარი ეგონა, მან ეგრე მოახსენა: მე მოჩივარი არა ვარ, ქვრივი და უპატრონო დავრჩი, და ვინც შემინახავს, ვემსახურებიო.

ყადს დიდად იამა, დედაკაცი აღარ ჰყვანდა. შეიყვანა, მონათ უთხრა: ამაღამ წადით, თავთავისად მოისვენეთო!

მასთან დაწოლა ენება.

დიაცმან რა თავი დაიხელთა, ყადს აგრე უთხრა: თუცა სრულად არ გაშიშვლდები, ჩემთან ვერ დაგაწვენ, ეგრე ჩვეულ ვარო.

მოტყუვდა ყადი, გაშიშვლდა. მან ზროხის კუდი მოიხსნა, უთხრა ყადს: ეს რის კუდი არისო?

ყადმან უთხრა: ზროხისა არისო.

ქოსამ უთხრა: მაშ, თხად რად გამასყიდვინეო?

დასცა ქვე ყადი, ეგოდენი სცა კუდითა, მკვდარსა დაამსგავსა. მსახურნი შორს იყვნენ და მეშველი დაუძვირდა.

ქოსამ კარი გამოიარა და წავიდა.

მსახურთ იდროეს, გათენდა და მოვიდნენ. ყადი არ გამოვიდა. შევიდენ, ნახეს, ყადი გასივებული იდვა, დიაცი აღარ ახლდა. ყადი ძლივ სულობას მოაბრუნეს, ყოველი ყოფილი შეიტყეს.

რა მოკეთდა, აბანოში შესვლა მოინება და ზეთებით სამკურნალოდ ნაცემთა დაზელა.

შეიტყო ქოსამ, მეაბანოვესთან მივიდა და უთხრა: დიაღ, ხელმარჯვე დალაქი ვარ და აქ მიმსახურეო.

იამა მეაბანოვეს და ეგრე უთხრა: თურე ბედნიერი ხარ, დღეს ყადიც აქ მობრძანდებაო.

არდაგს შიგნით ზროხის კუდი შემოირტყა, მუნ დადგა.

ყადი მივიდა, დია კარგად სამსახური დაუწყო. იამა ყადსა და დაზელა უბრძანა. დალაქმან ქოსამ მსახურთ ეგრე უთხრა: რა ზელას დავუწყებ, ტანმტკივანია, კვნესას და ზახილს იწყებს და ნურავინ შემოხვალთ. თუ უნებს რამე, მე გამოვალ და გეტყვიო.

მონანი გაიტყუა, წაკეტა კარი და ქოსამ კუდი გამოიძრო, ყადს ჰკითხა: რისა არისო?

ეხვეწებოდა ყადი და ეფიცებოდა მრავლის მიცემასა, მაგრამ ქოსა არ მოეშვა: ამდენი სცა, სიკვდილზე მიაყენა.

გამოვიდა, მონათ უთხრა: სძინავს, ნუ შეხვალთ, ძილი არ გაუკრთოთ! მე კიდევ წამლის მოსატანად მივალო.

ჩაიცვა ტანსა და წავიდა ქოსა.

რა მონანი შევიდნენ, ნახეს ყადი ავად დანაყილი და გასივებული დაზელის ნაცვლად. აიღეს, ხირაულით შინ წაიღეს და მუნ დააწვინეს. რა სულობას მოვიდა თქვა: მე ამ ქოსას აქ ვეღარ დავუდგები, ფათერაკს კიდევ გამაბამსო, აქლემები იქირავეთ, ქაბას წავალო.

რა აქლემების თხოვნა დაიწყეს, ქოსამ მეაქლემეს ფასი მისცა სამის დღისა და აქლემები ყადის კარს ჩაატარა. იკითხეს აქლემები და მან უთხრა: ვინც იმიზდებს, კაცს ვეძებო.

იამათ, ყადს მოახსენეს, იმიზდეს. ყადი კუბოში ჩასვეს, აქლემს აჰკიდეს. ყადი ჩაჯდა და წავიდა. რაც ქონება ჰქონდა, იგიც ყველა თან წაიღო.

მეაქლემე ქოსა გზა-გზა კარგს ზღაპარს ეტყოდა და ყადს იამებოდა. მონათ უბრძანა ყადმან: წინ წადით, სოფლად სადგომი, ქერი, ბზე და ნუზლი მოამზადეთ და მე და მეაქლემე ნელიად წამოვალთო!

რა იგინი გაშორდენ, ქოსა ზღაპრად მას მოჰყვა, რაც მას და ყადს გარდახდომოდათ. ყადმან უთხრა: ეგ ბევრჯერ მასმია, სხვა მიამბეო

ქოსამ თქვა: მე ეს მწვავს გულსა, ამას ვიტყვიო, სხვა რას ჰქვიანო.

ჩამოაგდო აქლემიდან, ამდენი სცა ზროხის კუდით, რომ სული ამოხადა.

გამობრუნდა, აქლემები პატრონს მოუსხა და ქონება თავისთვის წაიღო.

ცოლმან ჰკითხა: ვინ მოგცაო?

და ქოსამ უთხრა: ჩემი უსხის ფასიაო.

ცოლმან უთხრა: ვეჭობ, შენის უსხის ფასი კი აგიღია ათას წილადო.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

კატის გაზრდილი ლომი

ერთი კატა დაიარებოდა. ნახა, ერთი ძუ ლომი მომკვდარა და ერთი ლეკვი დარჩომია. წაიყვანა და ზრდა დაუწყო. რა გაიზარდა და დიდი შეიქმნა, დაიწყო ნადირობა და ნადირის ჭამა...

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეც...

ძალა ერთობისა

მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოიწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატ...

ვირი, ვეფხი, მელი და მგელი

ერთი ვირი გლახაკისა კაცისა, მიჭირვებული და მჭლე, გაეპარა პატრონსა თვისსა და წავიდა, ერთსა მაღალსა ადგილსა დაისადგურა. ესეთი ადგილი იყო: დიდი წყალი ჩადიოდა და წ...

მგელი, თხა და თივა

ერთს ვიწროს ხიდს გაგიდებ და ზედ ერთი მგელი, ერთი თხა და ერთი ხორომი თივა ესრეთ თითო-თითო გაიტანე, მგელმან თხა არ მოკლას და თხამ თივა არ შეჭამოს. დაჰყვა ძე მეფის...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

ბროწეულის წვენი

ერთი მებაღე იყო მოსავი ღვთისა და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდის, ხილი მიართვის. ერთი ბროწეული გამოუწურის. რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, ერთის ბროწეულის წვენით ა...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

ვირი კაჭკაჭი და მგელი

ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო. მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯ...

ორმოში ჩაგდებული მეფე

ორნი მეფენი შეიბნენ. ერთმან მეფემან მეორესა სძლო, შეიპყრა და ორმოში ჩააგდო. გამოხდა ხანი. მოვიდა ერთი მეცნიერი კაცი და ენება აღმოყვანება და გაპარება მისი. ჩასძ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით მომთმენი

გახსოვდეთ, რომ ტანტრუმები ბავშვის განვითარების ნორმალური ნაწილია და იყავით მომთმენი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026