kids.ge logo

ბაკური

ფავორიტებში დამატება
-გვიამბე, ელიზბარაო,
რა ამბავ მოხდა ეღოსა?
როგორ დაეცნენ ლეკები
ბაკურის ციხე-ეზოსა?
-არ მინდა, ძველი დარდები
რომ გულში აწეწოსა.
მე რა ვთქვა? უნდა კაცობა
ბაკურმა დაიკვეხოსა…
ჩემფერების სიცოცხლე
სამარემ დალეკოსა.
-რად იტყვი, კაცო, მაგასა
თავს რადა სწიხლავ ფეხითა?
-სიმართლით მარტო ეს მეთქმის.
მაშ ტყული ვთქვა კვეხითა?
ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,
ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა…
ბაკურის ომი და ქცევა
ნეტავი თვალით გეხილა!
გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა
მტერს ჩავარდი ხელშია,
მისგან ეხლა ფიქრები
შხამად ამომდის ყელშია.
თავის აღება არ მწადის,
ვეღარც გავშლილვარ წელშია.
-ხომ არ გაქე, რა ვუყოთ,
არ დაგაცალეს სიკვდილი…
ის რისთვის გესირცხვილება,
რაიც არ არის სირცხვილი?
ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ
ამბავი კილოკავადა;
ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,
არ მოგიხსენა ავადა.
გენუკავთ, ომის ამბავი
ეხლა გვიამბო თავადა.
-დიდი მოვიდა მტრის ჯარი,
გარს შემოგვერტყა ღობედა,
შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,
მრავალი კიდევ ვხოცეთა;
დიაცნი წამალს გვიწყავდენ,
ქების ღირსნია სწორედა!..
მერვე დღეს ტყვია-წამალი
გასწყდა, გათავდა სრულადა
და ჩვენი შრომაც მაშინვე
ჩავთვალეთ დაკარგულადა.
ძილო, მშიერ-მწყურვალნი,
მტერს, რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!
ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,
გავცუდდით, გავირიყენით,
მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,
ციხის მოერტყა ლიბოსა;
რჩებოდა ჩვენი ქავ-ციხე
გულხადარას და დიდოსა.
“უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,
სირცხვილი კისრით ვზიდოთა!
მას მემრე ტანზე აბჯარი
როგორღა დავიკიდოთა?!”
ცეცხლად გადიქცა ბაკური,
მარტო ოხვრად და კვნესადა…
გული ჰქცევია ტალადა,
თვალები უჩანს კვესადა.
“ვაჰ დედას მტრისას!” - ესა სთქვა,
ხელი გაივლო ხმალზედა:
“ისევ მე დაგხოცთ!” - და ცოლ-შვილს
თავები დასჭრა წამზედა.
მტერს მიგება ციხის კარს,
მეც იმას მივყევ კვალზედა.
გაუხტა ხმალმოღერებით,
ფრანგულმა გაცინაო;
თორმეტი მოჰკლა ციხის კარს,
ერთურთზე დააწვინაო.
ვეფხვსა დააცვდა კლანჭები,
ბაკურმაც დაძინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026