kids.ge logo

მთას

ფავორიტებში დამატება
ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი,
და დგეხარ შენთვის, დიდებული, თავისუფალი,
რავის მონა, არც არავის ბატონ-უფალი!
დგეხარ დღიდანვე გაჩენისა და კვლავც იდგები;
ვერას გაკლებენ ათასობით მიმქროლი წლები:
მოდგმა მოდგმას სცვლის შენს გარშემო და ერი ერსა,
შენ-კი, რაც იყავ, იგივე ხარ, არ იცვლი ფერსა!
დილას მზის სხივნი ყველაზე წინ შენ გეხვევიან;
თას ფრად მბრჭყვინავ ძვირფას თვლებად ზედ გებნევიან
და საღამოსაც, რა გვირგვინად დაგედგმებიან,
კვლავ ყველაზედვე უფრო გვიან გეთხოვებიან!
შენთვის ერთია, ავდარია, თუ არის დარი,
მყუდრობაა, თუ ზუზუნებს და კვნესის ქარი;
დღეა მშფოთავი, თუ ღამეა, მშვიდი და წყნარი;
მზე დაგქათქათებს, თუ დაგნათის მთვარე, ნარნარი!
როცა დარია, შორს, შორს სჩანხარ, გაბრწყინვებული,
ზღაპრულ, გამჭვირვალ, ლურჯ პირბადე აფარებული;
როცა ავდარი, - შავის ნისლით ხარ შებურვილი,
თითქო ცოდნისაც, გარს რა ხდება, არ გაქვს სურვილი!
დე, წვიმდეს, თოვდეს!.. დე, ელავდეს, ქუხდეს გრგვინავდეს!
მთელი ქვეყანა შიშისაგან ძრწოდეს, გმინავდეს
და ცა წალეკვას იმუქროდეს, განრისხებული,
შენ ყურს არ უგდებ, - დგეხარ ისევ დამშვვიდებული!..
(სხვას არას ართმევ და, რაცა გაქვს, სხვისთვის არა გშურს
ყველა სარგებლობს სიმდიდრითა შენით, ვისაც სურს:
მწერი, ქვემრომი, ტყის ნადირი და ცის ფრინველი-
ყველასთვის სუფრა გაშლილია, დალეველი!
და თვითონ კაციც, თავს ბუნების მეფედ რომ სახავს,
თუმც შენს მწვერვალზედ ამოსული არც-კი გინახავს,
და, ძლივს მცოცავი იქ, ძირს სადღაც უფრო მატლსა ჰგავს,
ხან საშოვრისთვის, ხან სამოდ ხშირად მოგმართავს!
და თან ჰგონია, ვით სამყაროს მცირე ნაწილი,
შენც მხოლოდ იმის მოსახმარად ხარ გაჩენილი!..
რა გენაღვლება?.. დე, ოცნებით ამით იცოცხლოს,
სანამ, ვით მატლსვე, არ მოღებს სიკვდილი ბოლოს!..
ნეტა შენ, მთაო, ცას რომ სწვდება შენი მწვერვალი,
ღრუბლებს ზევიდან თეთრ-სპეტაკად გამომზირალი!
ნეტავ შენ, მთაო, დიდებულო, თავისუფალო,
რავის მონავ, არც არავის ბატონ-უფალო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე პატარა ქართველი ვარმე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-...ორი ვედრებაI "ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი? იგია თვით სამოთხისა სადარი; მაგრამ ვაი, რომ მის ჭვრეტით ვერ ვტკბები, უც...ღრუბლები და მთვარეერთხელ ღრუბელთ გადასწყვიტეს, დააბნელონ ბადრი მთვარე (სჩანს, შეშურდათ მის სიტურფე სინაზე და სინარნარე!); შ...ყინულიერთ ზამთარის დილას პატარა ბავშმა ნახა, რომ ყინულიც მზეზე ბრჭყვიალებს, საწვიმარ ღარზედა ჩამოკიდული, და უთხ...სამშობლოსმაშ ასე, ჩემო სამშობლოვ, უნდა მოგშორდე, ეს არი და სხვაგან გადავიხვეწო, მარადის შენთვის მკვნესარი! მშვიდობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026