kids.ge logo

სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგ

ფავორიტებში დამატება

დინოზავრის ნაკვალევი
როცა მონახულა -
მომარჯვა ფუნჯები და
აკვარელი ვახუნამ.
ხატავს მწვანე დინოზავრებს
ჯიტად, გამეხებით,
მუცელს, ხახას, გრძელ კუდს ხატავს,
არ ეტევა ფეხები.
ადგა, დედას მიშურა
(მზე უჭვრეტდა თუთიდან):
-სათაფლიის დინოზავრებს,
დე, აკვნებს ვინ უთლიდა?
ტილოზე ვერ დავატიე,
მიპასუხე, დე, უცებ:
მაშ, აკვნებში რით ატევდნენ
ზარმაზარ ფეხუცებს?
ან არტახებს ვინ უჭერდათ,
წვიმდა, ქროდა სიო და...
იქნებ, თოვლში საბრალოებს
დიდ ფეხებზე სციდათ!
დედა ქოჩორს უჩეჩავს და
მის „შედევრებს“ აქუჩებს:
-მათთვის ბებო დინოზავრი
ქსოვდა დიდრონ ფაჩუჩებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026