kids.ge logo

იმედი საზიკაული

ფავორიტებში დამატება
ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,
შადედებული შხამითა,
ცრემლი არ მოსდის თვალებზე,
გვაეჭვინებს ამითა...

რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,
ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,
საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,
მონადუღარს გვამითა!
ვაჟს სიბრალული არ უნდა,
არც ვის გენუკავსთ ამისად...
დრო-და დრო ამოიხვნეშებს
მანუგეშებლად თავისად.
შაბურება ნაღვლითა,
როგორც მყინვარი ნისლითა,
ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,
მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.
სოფლისა, თემის ავ-კარგი
კვლავც უტარებავ კისრითა;
ბევრს არი გადმონაყარი,
ეხლაც გულმაგრობს იმითა.
- მტერს ხომ არ დამარცხებავ,
სირცხვილი შაუჭმევია?
იქნება გმირი უებრო
ურჯულოს დაუძლევია?
ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,
სახლ-კარი დაუქცევია?
საზიკარის ქავ-ციხეც
დაუშლავ, დაურღვევია?
- ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის
რავის შაურხევია!
- მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?
რად ზის კარ-დაკეტილშია?
ხმას აღარ იღებს, ერთთავად
ყალინი სჩრავ პირშია?
ღარც საგლოვოდ სამ მიდის,
ღარც გვინახავ ლხინშია?!.
სულ მუდამ როგორ ვავლიოთ
ლაშქრობა-გასაჭირშია?!
იქნება სიზმარი ნახა,
ლიშან დაუდგა ცუდია -
ეზმანა, ბედი ფშავისა
სამარის კარსა ჰყუდია?
იქნება შვილი მოუკვდა,
ნასახელარი გუტია?
- შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,
ციხეც ყელმაღლობს ისევა,
გებულს მწვანის ლოდებით,
ვერ ჰზარავს მტრების მისევა.
- რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,
გვითხარ, რად სტირის, რაზედა?
ვაჟკაცის დარდის შატყობა
სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..

- შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?
მეტი დარდი აქვს მაზედა:
ცხენი მაუკვდა ლურჯაი,
ღარა ჯდება სხვაზედა.
ხატში მით აღარ მოვიდა,
ღარ ჩამოჯდა ჯარზედა.
რით-ღა წავალის ლაშქარსა,
ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?
ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა
ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?
დაჩაგრულების საშველად
ხელს ვინ დადებს ხმალზედა?!
ცხენს გათხარა სამარე,
დამარხა თავის ხელითა,
დაულბო ლურჯას ლოგინი
მომსქდარის ცხარის ცრემლითა.
არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,
ყორნების საწიწკარადა
ნიავ-ქარივით მორულს
როგორც მთას, ეგრევ ბარადა,
ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა
ვის დაღისტნის კარადა.
ცხენს გლოვობს საზიკალი,
მიტომ არის ავადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026