kids.ge logo

კლდე და მდინარე

ფავორიტებში დამატება
I
კლდეს შაზღუდა ხება,
რაზეც მდინარე დიდა, -
სალსა, ასპიტსა, დიდრონსა
ფერფლიც-კი არა სცვიდა.
მდინარე უყეფს: “გზა მომეც,
კლდეო, გამიშვი წინაო;
აქ ქვა-ლოდებზე ხტომამა
ძალიან დამაშინაო...
მინდა, რომ ბარად ჩავიდე,
იქ მოვიპოვო ბინაო.
გამიშვი, შენი ჭირიმე,
აქ ყოფნა მომეწყინაო”.
და თან კლდის კალთას ეხვევა,
ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა,
ვით ბავშვი თავის დედასა,
ვედრებას ეტყვის ფრიადსა.
- “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს, -
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო,
სად თქმულა, რომელ მხარესა?!
როგორ კარგი რამ მირჩია,
ყურებთ გასახარებსა!”
თასჯერ სთხოვა მდინარემ,
თასჯერ ქუდი უხადა,
მაგრამ კლდემ ისევ და ისევ
თავისი გამოცხადა.
მდინარე მაინც არ ტყდება,
თუმც ცდა მიდის ცუდადა,
მაინც კლდეს ელერსება,
გადიქცა კატის კნუტადა.

კლდე შუბლს არ იხსნის, მაღლიდან
მდინარეს დასცქერს მრუდადა,
- არ შეიძლება, - ბუტბუტებს, -
თუნდა გაიჭრა ხუთადა.
სხვა გზა მოსძებნე, სხვა მხარეს,
ნუ ამეთრიე კუდადა!..
ეს სთველში მოხდა, როცა
წყალთა და ბალახთ მცირობა...
მდინარე იმედს არ ჰკარგავს,
შეუდრკელია გმირობა!..
მძიმე რამ ზამთარი იქნა
იმ წელს, - ორ ადლზე დათოვა;
გაზაფხულს ზვავმა მდინარეს
უხვად სინესტე აწოვა:
ჯაგარ-აშლილი მოგრგვინავს,
მთა და ბარს აქცევს ქოთითა;
კლდეს აღარ ელერსება,
კარზე მიუხტა შფოთითა;
ტევს, აღადრის გულ-მკერდსა,
ვით ვეფხვი თვის მსხვერპლს ტოტითა.
კლდეზე ტალღები ტყლაშუნობს,
თითქოსა სცემდენ შოლტითა!
კლდე წარბს არ იხრის, იძახის:
“აბა რას მიზამთ, მოდითა!”
მდინარეც უკან არ იხევს,
მორჭმული სალტა-კოტითა:
“გამიშვი, თორო დაგანგრევ!” -
თან დაჰკიჟინებს ხმინად,
და თითო დაკვრა ლახტისა
სჩანს კლდისა დამაზინად.
ერთი თვის შემდეგ კლდე ბორგავს
და აღარ ამბობს ჭკვინად!
გაჰხუნებია საჩერნე,
ჯაჭვ-მუზარადი ხმლინად;
ლამის რომ გმირი დამარცხდეს
და გახდეს ოხერ-ტიალად, -
იქცეს მის ტყლაპად, სათელლად,
მის ტალღთა დასაყილად.

II
მეხუთე კვირა შესრულდა
კლდის და მდინარის ბრძოლისა,
და საქმე მოხდა საგრძნობი
ცისა და მიწის შორისა:
კლდისა მოისმა ქვითინი,
მედგრად გაისმა ჯახანი,
წყალმა მერე მხარესა
კლდისას გაღო ჩქაფანი,
და გაჭიმა ხევზედა,
როგორც გუთანში ჭაპანი,
ქედსა ასწია ამაყად,
შეთამაშა ფაფარი;
დოსტოღრივ მიდის უშიშრად,
რა სჭირდება ჩაფარი,
ანგრევს, რაც უშლის მგზავრობას,
დალეწა ყველა საფარი.
ნიშს უგებს კლდეს და მისძახის:
“შენი ბიჭობა სად არი?!”
ხალის სანახავითა
გაცებულა მთა-ბარი.
გალაღებული ჭალაზე
მაიზლაზნება მღერითა;
სამო სანახავი
გამარჯვებულის ფერითა.
ხარობენ ის და ქვეყანა
ერთმანერთისა ცქერითა...
წავიდა, გავაკევა,
ჰრწყავს და უმღერის ველებსა,
თან ატრილებს ტალღებსა,
ვით მოთამაშე ხელებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...მოდი, მოხშირდი, ჭაღარავმოდი, მოხშირდი, ჭაღარავ, წვერ-პირი მორთე თეთრადა, ეხლა იარონ იქნება ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა მომწყინდა ...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026