kids.ge logo

ბედნიერი ერი

ფავორიტებში დამატება
ჩვენისთანა ბედნირი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
წყინარი,
ჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგინი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნირი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.

ჩვენისთანა ბედნირი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
ზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნირი
კიდევ არის სადმე ერი?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში? რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ, ჩვენ წმინდა სი...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...ბაზალეთის ტბაბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო, და მის გარშემო, წყლის ქვეშე, უცხო წალკოტი ჰყვავისო. მწვანეა მუდ...ელეგიამკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026