kids.ge logo

გულო, არ გასტყდე!

ფავორიტებში დამატება
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.

სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
მედს ნუ დამინივებ,
დაზინებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზინებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვინებ!

არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
სულოდ გდებულს, ტილად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზირად.
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფილად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიდი,
ეხლა ისეთი დრო არი.
გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა, _
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებოთქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო ქედაწვდილებო ზეცადა, რამ გაგაჩინათ, ნეტარა, ჩემფერის კაცის ბედადა?! ხან კი რომ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026