kids.ge logo

ღამურა

(ზღაპარი)

ფავორიტებში დამატება
ერთმა უგნურმა თაგუნამ
კადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამორია,
მანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
რიქა, ფრთხილად იყავით,
რავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩანისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
ღარ მიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მივა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026