kids.ge logo

აღმართ-აღმართ

ფავორიტებში დამატება
აღმართ-აღმართ მივდიდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”

და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ლერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დავიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026