kids.ge logo

ჩემი ვედრება

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, მიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
რა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიდე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლირი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხმა სამარიდამხმალი გალესე, ძმობილო, მტერი გადმოდგა მთაზედა; აგვიოხრებენ ქვეყანას, დაგვეცემიან თავზედა; გალესე, ისე გალ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...იმერეთსერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხს-აქათურო დედაო! გხედავ, რომ შამრიგებიხარ, მით შენთან სალამს ვბედაო. შაერთებულა...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026