kids.ge logo

ხარაბუზა და ფუტკარი

ფავორიტებში დამატება
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიძახა: “გზა მომეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?

“თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, რომ გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!

“ბზულასა, ტყულასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!

“მე კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!

“ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!”

ფუტკარმა ეს უპასუხა:
“ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!

“ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.

“ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიო!

“დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!

“მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!

“მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
სამკურნალო რამ ტკბილიო.

“შევუმზადო მით ქვეყანას
თაფლი, ზეცას - სანთელიო,
რომ იქ წმინდად შეწიროს
და ანათოს აქ ბნელიო.

“ვინც მე იმ დროს ხელს შემიშლის
ქვეყნის მტერიც ის არიო,
და მისთვის მაქვს მომართული
გესლინი ისარიო!”

ეს უთხრა და ფრთა გაშალა,
მიშურა ყვავილებსა...
და ჩვენც ამგვარ პასუხს ვკადრებთ
ზოგიერთ ჩვენს ყმაწვილებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026