kids.ge logo

იმერული ნანინა

ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს

ფავორიტებში დამატება
გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო!
აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?
დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...
დაძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დედა ეტყვის: “გენაცვალოს შენი მშობელიო,
ძუძუებში ჩაგივლია პაწაწა ხელიო!
შენს ვაჟკაცობას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო,
მამიშენის ბედის არ ხარ, შენ სხვა ბედს ელიო:

შენი ვარსკვლავი სხვა არის! - ბედმა გიცინაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ღმერთს შენი ბედნირება წინეთ უსახავსო,
შენც მის ნაცვლად ემსახურე, ნურას იზამ ავსო,
დედას თმას ნუ მაწეწინებ, ნუ ჩამაცმევ შავსო!
სხვებ რა გიჭირს: ხომ შეტყვე, ბატონი არ გყავსო!

რისთვის შეკრთი? მართალია!... რამ შეგაშინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

გაიზრდები, გენაცვალე, თავისუფალიო;
ბატონი ვერ შეგაწუხებს, ვერც გაგტეხს ვალიო;
შენს მტერსა და მოშურნესა დაუდგეს თვალიო;
ჭირისა და ავ თვალისგან გიხსნის უფალიო!

ხომ გიმა, გენაცვალე! მან გაგაცინაო?
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

დიდი-კაცის შვილს სკოლაში გვერდთ მოუჯდებიო;
ბა შენ იცი, ბიჭოჯან, როგორ ეცდებიო;
ძველ ბატონის შვილს სწავლაში ნუ ჩამორჩებიო,
გლეხსა ნიჭი არა აქვსო, არ აფიქრებიო!..

შენი დაჩაგრული ძმები შენ უნდა იხსნაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ჩინოვნიკებიც არიან ჩვენი გამწვალეო:
ჩვენს საქმეზე როცა მივალთ, გვეტყვიან: “ხვალეო”,
და, ჩვენ როცა დაგვსაქმებენ, მაშინ კი - “მალეო!”
მას შენ ვეღარ გეტყვიან, შენ გენაცვალეო,

რომ ვეღარ დაგიბრიყვებენ, თუ რომ თავი სცნაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

პაწაწინა იდონო და ვარდის კონაო,
დღეს ხომ კარგად გაგონე ჩემი ნანინაო?
და, თუ კარგად გაგონე, ხომ მოგეწონაო?
მაშ ნუ გძინავს! გაიღვიძე! იცან ქვეყანაო!

შენც შეტყვე ამა სოფლის ცრუ გამოცანაო!
იავ-ნანა, ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026