kids.ge logo

გიგი

ფავორიტებში დამატება
ბრალია გიგის სიკვდილი,
ფშაველნ ნუმც გაგონებენ;
შაიყრებიან ციხე-გორს,
ლაშქრობას მაგონებენ.
გულზე ეკალი დაესხმისთ,
მტერს ვეღარ დამონებენ.
- გიგი სადა გყავთ, ფშავლებო,
ან იმის ცხენი ტილი?
- გიგის თოფ დაჰკრეს ქისტებმა,
სისხლმა დაწყო წკრილი.
ღარ აცალეს რჯულძაღთა,
ფრანგულს გაღო კრილი.
გვენახა არწივის მოსვლა,
წეროთ დაქსაქსვა, გრილი.
დაგენატრებათ, ფშაველნო,
გიგის ფრანგულის ტრილი.
ხადს გავსთხარეთ სამარე
შავგვრემანაის ბიჭისა,
ცოლს გავუგზავნეთ იმისას
ლურჯი პერანგი გიგისა.
გიგის ლურჯაი ბაგას ჰბავ,
თვალით ცრემლები მისდისა,
ტოტს უცემს მხარკვერინი,
ზურგი დაღარა მიწისა.
- ხმალი რას შვრება გიგისი,
ფრანგული გველისპირისა?
- სამჯერ იღვრება დღეშია,
უგიგიობას სტირისა.
- ცოლი რას ამბობს გიგისი,
ქალი ლუხუმათ ბერისა?
- ქმარს ეძებს მოშინარეს,
არმიმდევარსა მტერისა.
- დედამ რაღა სთქვა ჯავარამ
შვილის სიკვდილის თქმაზედა?
- გონთით გადვარდა ბეჩავი,
ხელი იტაცა თმაზედა,
შუა გახია მანდილი,
ხორცი იგლიჯა ტანზედა.
ვეღარ გაუძლო ვარამსა,
დანას დაეჭრა ფხაზედა.
- მამამ რაღა სთქვა თინიბექმ,
ამბავ რო უთხრეს შვილისა?
- გულ ჩაიმჯიღა, ჩაფიქრდა,
ლი აჰვარდა პირისა:
“რად არ აცალეს რჯულძაღთა
ვეფხვს ერთხელ გასმა კბილისა?
მოკლან, თუ მოკლეს, რაღა ვქნა,
წეს ეგ არიო გმირისა!”
- შვილმა რაღა სთქვა მახარემ,
ვაჟკაც წვერშამამავალმა?
- ზავთი დაიდვა, როგორაც
ღრუბელმ ცას გადმამავალმა;
სამტროდა ჰლესავს ფრანგულსა,
სისხლი აღოს მამისა,
შაღებოს ქისტის სისხლითა
ქერა ულვაში ბრძამისა.
- რვალი სადღაა გიგისი,
სამკლავე, საფუხარია?
- ომში ურვალოდ ჩავიდის,
მეხად ცით ნაქუხარია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026