kids.ge logo

ამირანი

ფავორიტებში დამატება
დე, ამირან, რას გძინავ?
ცხენს დაყარე ხანძილი,
დიცის დაწუნებულსა
ტირილი გინდა, გან ძილი.
ხალხური.


ზარმაზარი ტანისა
კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო,
გულის მდნობელი ნაღველი
უხმოდ დუღს იმის მკერდშიო.

უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ
ეხვევა, როგორც გველიო,
და აბლაბუდა თვალებზედ
გადაჰკრობია ქსელიო.

ტანზედ აჰსხმია ყინული
და ხავსი შავის ფერისო,
სდგას ესე დაჩოქებული,
მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო.

პირდაპირ დაყუდებული
ჟანგდება მისი ხმალიო,
მოსვენებასა თაკილობს,
ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო.

დაჰვიწყებია ეს მონა
ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა,
არ იხსენებენ მისგანა
დევ-ეშმაკების ჟლეტასა.

მოზარე წამებულისა
ფეხთ ჩასწოლია ფინია,
ამ პაწაწინა არსებას
ცხო რამ დაჟინია.

დაუსვენებლად ენითა
ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს,
რომ თავი იხსნას ტანჯულმა,
ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, -

რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს
მის დასაბმელად ჯაჭვიო,
არ შეიბრალეს მართალი,
გაგზავნეს ტყვედა მთაშიო.

რა გაწყვეტამდის მიიყვანს
ფინია რკინის მართულსო,
გულქვა მჭედელი გამოდის,
გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო.

და ჯაჭვი ისევ მთელდება,
გულის საკლავად მონისო.
ნეტავ ეს უღვთო წვალება
ამ გმირს გასწირავს როდისო?!

როდის ადგება ამირან,
ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,
ჩამოსდნობოდეს ყინული
და უცინოდეს პირიო.

ჭიროს ხელში თვის ხმალი,
იცქირებოდეს ბარადა,
მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრილი,
მას თავს უკრავდენ კვალადა.

მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი
ფუდენ, ხტოდენ შავადა,
კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი
მთებზე სხდებოდენ ჯარადა.

სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი,
კარგების სანატრელიო,
დაუკრას ტკბილი საკრავი,
ცას მიწოდოს ხელიო.

მუნით ჩამოწვეს ღრუბელი,
გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,
ძახდენ მართლის ჯვარმცმელნი:
“ვაჰმე, რა დიდი ჭირია!”

მჭედლები ცოდვას ნანობდენ,
ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო,
თვის ირაღის ნაშთებზედ
აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026