kids.ge logo

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
საძირკვლად აზრი ჩააგდე,
ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი,
მან გააბრწყინა სხივებით
ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი.
გვყარალობდი თვალ-ფხიზლად,
შენ იყავ ჩვენი საფარი -
მოგკალით ჩვენისვე ხელით,
მოძმეთთვის ნაჭირმაგარი;
და შენი სისხლიც იქ ბრწყინავს,
სად წინაპართა ნთხელა,
რომელთა ხსოვნა შენს გულში
როდის გამოლელა;
მათ სისხლს არაგვის პირად
შენიც დაერთო წლელა.


მოჰკვდი თვის სატრფოს კალთაზე.
დადუმდა ჩანგის სიმები;
აყვავებული მამული
გაგვიხდა დასატირები!
დაგიკოცნიან სახესა
ნათელს არაგვის გმირები;
შვილის დაკარგვას გლოვობენ
ტურფა ალაზნის პირები!
კაკო ყაჩაღთან ერთადა
მოსთქვამენ გლეხის შვილები,
სამართლობის მსხვერპლები,
ყაჩაღად გაცვივნილები.
ჩვენის საწყლობის მოზარევ,
მანდ დაისვენო ეგები?!
ჩვენ რა ვქნათ, ჩვენა, ცოცხლებმა?
გარს შემოვივლეთ ბექები,
ვხდებით ყვავ-ყორნის სადილად,
ტურა-მგელთ გასაყვლეფები!


ვაი, რომ რჩება აკვანი
ბაზალეთის ტბის ძირასა,
და დიდხანს კითხვადვე გვრჩება:
„ვინ ამოღებს იმასა?
ან იმ ბალღს ვინ უპატრონებს,
სუსურს მტირალს ბედისა,
აკვანში რომ წევს საწყალი
და ძუძუ სწყურის დედისა?
ან იმ ცრემლის ტბას დიადსა,
რისგან დანადინარსა,
ვინ დაშრეტს, ვინ ამოიყვანს
იმ უსუსურსა მტირალსა?!”

ვერაფერს ვიტყვი. ენა სდუმს,
თავზე დაგვჩხავის ყორანი;
გაღმა გასვლისა მსურველთა
კუღმა მიგვყავს ბორანი;
გაგვიბატონდა, მგოსანო,
სირეგვნე შეუწონარი…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026