kids.ge logo

ვიცანი, ღმერთო, სამყარო

ფავორიტებში დამატება
ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
მისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
მას ბჭობს, ვისც აბარი
განგების ბჭეთა საღები.
სეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
რას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
მის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
მას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026