kids.ge logo

ბარდნალა

ფავორიტებში დამატება
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებინი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი,
ჩემი ხორგო და მარანი,
ჩემი ცეცხლი და ღადარი,
სახლის წინ ნაგრიგალარი,
გაფითრებული ჭადარი,
ჩემი კავი და სახნისი,
ჩემი თონე და ბეღელი
და დედა, დიასახლისი,
ჯანღონე გატეხელი,
ჩემი პაწია ქოთანი,
დუღილით ნაქოთქოთარი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
ვარდებინი ბარდნარი
და გუმარეშის ყანები!
თოხი პირგამოპირული,
გაციბული ბინული...
გახსოვს, ტყები? ირიბად
ხეზე დაკრული თარჯები…
ვერ დავიწყებ, ვინც გიყვარს,
შეყვარებული დარჩები …
გახსოვს, ცხენისწყლის ნაპირი,
თევზაბა და აპრილი?
გახსოვს, მაჭრით რომ გავბრუვდით,
და ძლივს რომ მივაბიჯებდით,
სახლში რომ ვეღარ დავბრუნდით
მისგან დამთვრალი ბიჭები?
გახსოვს, ღვინიან შემოდეგს
ვანზე რომ შემოვდექ?
გახსოვს, აფთარი ზამთარი,
ან გაზაფხული - პირიქით?
გახსოვს, ამტყდარი ავდარი
და სარეწკელას ბილიკი?
გახსოვს, სოფელი ლარჩვალი
და მეწისქვილე დამხრჩვალი?
გახსოვს, ჩვენ ორნი მარტონი
და ვარდიგორას ხანძარი
და დიდი გუჯუ ბატონი
თავისი ქამარ-ხანჯალით?
ხან ისე იყო, ხან ასე,
გახსოვს, ცაგერის ჭალაზე?
ეჰ, რა იქნება ხელახლა
დაწყებოდეს თავიდან,
რაც დროის დენამ შელახა,
რაც დროსთან ერთად წავიდა!
რა კარგი იყო ბარდნალა,
როგორი სათაყვანები!
შენ, მამაჩემო, რად დარდობ,
რამ დაგისველა თვალები?
ან შენ სადა ხარ, დედილო,
რომ ლექსი გამაბედვინო?!
რად არ ჭიხვინებს ვება
ლაფშა, ლაგამის მკვნეტავი?
ჰეი, ბავშვობის დღებო,
დაბრუნდებოდეთ ნეტავი!
რა კარგი იყო ბარდნალა,
ბარდნალელების ბორანი,
ვარდებინი ბარდნარი,
ბულბულთა ნაამბორალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...აბასთუმანიბასთუმანი — ხაბაზთუბანი… მზემ ფანჯრებიდან შემოანათა. ჩემი საწოლი და სასთუმალი, ჩემი პალატა, თეთრი პალატა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026