kids.ge logo

ხმა კატამონთან

ფავორიტებში დამატება
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბეს შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან - საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
ბერის ენავ,
ნავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დადოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026