kids.ge logo

შოშია

ფავორიტებში დამატება
- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრინადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ
ვიყავი დარდინადა.
გული და სული, სურვილი
სულ აქეთ მეზიდებოდნენ,
სამივე ერთად ტოკავდნენ,
ქერქში აღარა დგებოდნენ.
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ მივენდე იღბალსა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდევაც
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა.
არცა მღალატობს იმედი,
ფრთებსა შლის ჩემი გუნება;
თვალს იფშვნეტს ნამძინარევსა,
იღვიძებს, დგება ბუნება.
მოსჩქეფენ ნაკადულები,
მორბიან, მოიმღერიან,
ამსხვრევენ ყინულთ ბორკილსა,
ველთა სიმწვანეს ელიან.
მეც ვეგებები გაზაფხულს
ფრთების ქნევით და სტვენითა,
ვახარებ დიდს და პატარას
მის მოსვლას ტკბილის ენითა.
რა ვქნა, ვერ ვძლებდი შორს ქვეყნად,
გული სულ არა დგებოდა,
იქ მუდამ დარდში მყოფელსა
აქ შვება მელოდებოდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026