kids.ge logo

საახალწლო სურათი

ფავორიტებში დამატება
კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;
გარშემო სხედან ბავშვები,
ძილი არ მოსდით თვალზედა.

დედა პურსა ზელს, ბებიას
მოაქვს ხაჭო და ყველია;
ქოთნით რძე შესადედებლად,
შავ ძროხის მონაწველია.

მამა საფუტკრეს ყოფილა,
მას თაფლი მოაქვს გობითა,
ვით ქარვა, ისე ბრწყინავენ
ფიჭები გარეგნობითა.

კალათში რაღა აწყვია? -
ვაშლები, ბროწელია,
ჩურჩხელა, ტკბილი კვერები
და მსხალი მოწელია.

კერიის ახლო მჯდომარე
ჩიჩილაკებს თლის ბაბუა;
ტკბილად უმზერენ ბავშვები
სუყველა კისერ-ღაბუა.

ამ კუდაბზეკილ კატუნას
ნეტავი რაღა სწადია?
სეც გრძნობს ალბათ, რომ ხვალე
ახალი წელიწადია...

დედა შვილთ ემუდარება -
დაწექით, გენაცვალეთო,
ამდენ ხანს ჯდომა-მზერითა
განა არ დაღალეთო?!

პირჯვარი გადაწერეთ,
დალაგდით, დაძინეთო,
დილაზე ადრე ადექით
და ტკბილად მოილხინეთო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026