kids.ge logo

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

ფავორიტებში დამატება
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელმოღერებულს ისა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
მის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიდეს,
ნოყივრებდეს მიწასა,
მდინარები ხვიდეს,
ღარვინ იტანჯებოდეს
და აღარცვისა შიდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ჰყიდეს;
მეც მას ბანს ვეუბნებოდე,
გული აღარა მტკიდეს.

გუშინწინ ვნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა ისა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა.
დღეს ვხედავ, ია მთელია,
სუნნელოვანი, ნაზია,
ვუცქერ და ვამბობ იმასვე:
რა ტურფა, რა ლამაზია!
გველი დაღოღავს მუცლითა,
ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.

კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვადენ,
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდენ,
ჩვენის სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხადენ!

დაჰბეროს სიცოცხლის სიომ
მომაკვდავს არემარესა,
გათასდეს სინათლე
ცაზე მზესა და მთვარესა,
უხვადა სძღვნიდენ წყალობას
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.
ჩვენც, მსხვერპლნი ძალმომრების,
ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა.
ჩიტების ტკბილი გალობა
ისმოდეს ყოველ მხარესა.

ვიხილავ სანატრელ სახეს,
რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,
გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,
გაფიცულები გვერდითა
ჭაბუკნი თავდადებულნი,
ტრფიალით მეტისმეტითა,
ტანს უმშვენებდეს წყლულები
ერთგულ მამულის შვილებსა,
ანგელოზები დაფნისას
გვირგვინს ადგამდენ გმირებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...ჩემი ვედრებაღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯ...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026