kids.ge logo

მახეში გაბმული ჩიტი

ფავორიტებში დამატება
ბავშვები:

გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?

ჩიტი:

ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?

ბავშვები:

ვერ შეგელევით, მალხაზო,
გაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.

ჩიტი:

რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.

ბავშვები:

ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალი
შენთვის ახლავე მზად არი!

ჩიტი:

ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვებაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!

ბავშვები:

ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით, ღმერთმანი,
ნიავს არ მოგაკარებდით.

ჩიტი:

ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
შეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

* * *

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026