kids.ge logo

არაგვს

ფავორიტებში დამატება
დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყელო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!
შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.
გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, _
მათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!
ზაფხულში აყვავდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.
გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
ღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.
ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრცილი,
ათრთოლდებიან ხები,
კლდეებზედ დაკეცება
სვავთა და არწივთ ფრთები.
თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!
ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშალი ღვარები.
ზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
მათ ვეღარა დაჭერს,
თუნდ რკინის დახვდეს კარები!
ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიდაც ბრძოლასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხედართა ძველი სიმღერამიტომ გაგვზარდა დედამა, მისთვის გვეტყოდა ნანასა - ტანზე აბჯარი ავისხათ, მუდამ ვლესავდეთ დანასა, რომ შიშს ...შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026