kids.ge logo

წილის ყრა

ფავორიტებში დამატება
სკამს იჯდა ბაბურალი
გუდანს გუდანის ჯვარშია, -
გარეთ იყოფდენ ნადავლსა,
ჩოჩქოლი ისმის ჯარშია.
წილის ყრა არი, ცილობა
თას ცხვარს, ორას ხარშია.
გმირს არ აჯავრებს ნადავლი,
შეკრული არის წარბშია,
სახელს ვერ გასცვლის დავლაზე,
მით არ ერევა ხალხშია,
რაფრად იმჩნევს ჭრილობას,
ნატყვიარი სჭირს მკლავშია.
წინ უზის ჩოქზე დასტური,
შავს ლუდს უმატებს თასშია.
“ვინაც მადლს სჩადის, სანთელი
მისი არ ჰქრება ცაშია.
გამრავლდეს შენფერები
გუდანის ჯვარის ყმაშია!”
დასტური ბაბურალის
ქების სიტყვების თქმაშია:
“უჯიშო-უხეირონი
გამოსადეგნი რაშია?!
კაი ბიჭობას იჩენენ
მარტოკა ლუდის სმაშია.
ულვაშებ-დაწკეპილები
წამოსხდებიან თავშია.

შენფერა, ბაბურალო,
რავინა გვყავ მთაშია.
ცოცხლე, დიდხანს იცოცხლე!”
დასტურმაც კონჩხას ასწია.
წილის მყრელები შავარდნენ
ბაბურაულთან ხატში
და უთხრეს: “თავისი წილი
წამო, წაღე, ბერდია!”
ხელს იქნევს ბაბურალი,
მაღლა ასწია მკერდია:
- “თქვენ იყოს, სხვა არა მინდა,
ბიჭებო, ლუდის მეტია”.
- “რად არ? საკარგყმოც შენ გერგო,
ხარი თორმეტზე მეტია.
მომდურავ არვინა რჩება,
ყველას უღიმის ბედია”.
- “არ მინდა, გეტყვით, გაგეთ,
იქმნას, რაც დამიყბედია:
მე არ ავიღებ არაფერს”.
კვლავ ეუბნება ბერდია:
“ასე მაქვს ხატთან პირობა,
კვლავც შეგვეწევა ღმერთია -
თქვენ იყოს, თქვენი, ჩემ წილი,
თხაც კი არ მინდა ერთია”.

თხრა და თან გაიბრუნა
გვერდზე მორგვივით ქედია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026