kids.ge logo

შემოღამება მთაწმინდაზედ

ფავორიტებში დამატება
ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
დეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დასადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, სამო დრო, როს ნაღვლინი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდინი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნელი!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთრობა,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაბა...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მასის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლინო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
რა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაბა,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლინო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მორე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, სამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიღებს,
რომ გათენდება დილა მზინი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...ქეთევანზვირთები მოდუდუნებენ, ჭალები ბუჩქნარეობენ, ხშირნი ლამაზთა კიდეთა მჩქეფრად მდინარის ქსნისათა. მიმქრქალებულ...მიყვარს თვალები მიბნედილებიმიყვარს თვალები მიბნედილები, ეშხისა ცეცხლით დაქანცულები; მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად განეწონვი...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-სმძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თამაზის ძის ორბელიანისა ძრწოდე, კავკასო! ახლო არს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026