kids.ge logo

საფლავი მეფის ირაკლისა

(კნიაზს მ... კ... ძეს ბარატაევს)

ფავორიტებში დამატება
მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,
და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!
ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,
რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
ჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო
მოაქვთ მამულში განათლება და ხმა სამო;
მათი ცხოველი, ტრფილებით აღსავსე სული
უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა, განცეცხლებული.

და მუნით ჰზიდვენ თესლთა ძვირფასთ მშობელს ქვეყანად,
მხურვალეს ცის ქვეშ მოსამკალთა ერთი ათასად!
სადაც აქამდინ ხმლით და ძალით ჰფლობდა ქართველი,
მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი!

აწ არღა ერჩის ქართლის გულსა კასპიის ღელვა,
ვერღა ურყევს მას განსვენებას მისი აღტყველვა;
შავის ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,
აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა!

მშვიდობა შენსა წმიდას აჩრდილს, გმირო განთქმულო,
კანასკნელო ივერიის სიმტკიცის სულო!
აწ მიხვდა ქართლი შენსა ქველსა ანდერძნამაგსა,
და თაყვანსა სცემს შენსა საფლავს, ცრემლით აღნაგსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილიდამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი, მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი. იგი ნიადაგ...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედამავსებ ღვინით, აგავსებ ლხინით. შესვი? გაამოს!...შენნი დალალნი ყრილობენ გველადშენნი დალალნი ყრილობენ გველად სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად, და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ ხან ნუგეშისთ...შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026