kids.ge logo

შემოღამება მთაწმინდაზედ

ფავორიტებში დამატება
ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,
ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,
დეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმალება დასადგურებს შენს არემარეს!
რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ მდგომარეს!
ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა,
და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, სამო დრო, როს ნაღვლინი,
კლდევ ბუნდოვანო, შენს ბილიკად მიმოვიდოდი,
და წყნარს საღამოს, ვით მეგობარს, შემოვეტრფოდი,
რომ ჩემებრ იგიც იყო მწუხარ და სევდინი!

ოჰ, ვით ყოველი ბუნებაც მაშინ იყო ლამაზი, მინაზებული!
ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნელი!
აწცა რა თვალნი ლაჟვარდს გიხილვენ, მყის ფიქრნი შენდა მოისწრაფიან,
მაგრამ შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან!

მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთრობა,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა... ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაბა...
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!

დაფიქრებული ვიდეგ სერზედა და ცათა მიმართ მზირალს ტრფობითა,
შემომერტყმოდა მასის მწუხრი, აღმვსები ნაპრალთ მდუმარებითა;
ხანდისხან ნელად მქროლნი ნიავნი ღელეთა შორის აღმოკვნესოდენ
და ზოგჯერ ჩუმნი შემოგარენი ამით ჩემს გულსა ეთანხმებოდნენ!

მთაო ცხოველო, ხან მცინარო, ხან ცრემლინო,
ვინ მოგიახლოს, რომელ მყისვე თვისთა ფიქრთ შვება
რა იპოვნოს და არ დახსნას გულსა ვაბა,
გულ-დახურულთა მეგობარო, მთავ ღრუბლინო!

სდუმდა ყოველი მუნ არემარე, ბინდი დაგეკრა ცისა კამარას,
მოდევს მთოვარეს, ვითა მიჯნური, ვარსკვლავი მარტო მისა ამარას!
გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული?
მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მორე, დისკო-გადახრით შუქმიბინდული!

ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!
ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
მხოლოდ სული გრძნობს, თუ ვითარი სძღვენით მას შვება.

ჰოი, საღამოვ, მყუდროვ, სამოვ, შენ დამშთი ჩემად სანუგეშებლად!
როს მჭმუნვარება შემომესევის, შენდა მოვილტვი განსაქარვებლად!
მწუხრი გულისა - სევდა გულისა - ნუგეშსა ამას შენგან მიღებს,
რომ გათენდება დილა მზინი და ყოველს ბინდსა ის განანათლებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას? თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას, რომ არ გემსჭვალვი...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელსშევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს, გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს, შევსწი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026