kids.ge logo

ზაფხულის ღამე

ფავორიტებში დამატება

ზაფხულის ერთ მშვენიერ  ღამეს პატარა გოგონა და მისი დედიკო ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ:

-რა კარგი ღამეა! -უთხრა დედამ გოგონას,-ხედავ? ერთმანეთს მიყრდნობილი ორი მთის მხრებიდან უუუუზარმაზარმა  მთვარემ ამოყო თავი. ამაღამ ბნელი ღამისა არ შეგვეშინდება.

-დე, ხედავ?  ის უუუუზარმაზარი მთვარე  ახლა ჩვენკენ მოდის,-დაიძახა გოგონამ,-თითქოს  ჩვენს ქუჩაზე მოაბიჯებს...მაღლა აიხედე! ცა ვარსკვლავებით მოჭედილა, მორთულა, განა მოწმენდილა.

-მართლა ძალიან ლამაზია!

-დე, ნახე, ერთი ვარსკვლავი როგორ გარბის!

-ეს ვარსკვლავი  კი არა,  ხელოვნური თანამგზავრია. ვარსკვლავებს დაჭერობანას ეთამაშება.

-ეს როგორ? ვარსკვლავს ხომ სირბილი არ შეუძლია.

-საქმეც ამაშია,-აუხსნა დედამ,-დაჭერობანას იმიტომ ეთამაშება, რომ ვარსკვლავებს სირბილი არ შეუძლიათ, თვლით კი იმიტომ ითვლის, რომ ყოველთვის თვითონ იყოს გამარჯვებული.

დედა-შვილი უყურებდა, თანამგზავრი ვარსკვლავებს შორის როგორ  დარბოდა და ითვლიდა:

-ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი დაა... ხითხითელა პაკო გა-ვი-დააა!

მერე გათვლას მოუჩქარა:

--ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, დააა...   აი, უკვე  ბაკაც   გა-ვი-დაა!

მერე სულ გადაირია:

-ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი, დააა... 

ვარსკვლავებს ძალიან ეწყინათ:

-ახლავე გაჩუმდი! ეს რა მანერებია! დაჭერობანას დახუჭობანას თამაში გვირჩევნია. ჩვენ ხომ სირბილი არ შეგვიძლია!

მაგრამ თანამგზავრი...ხომ არ ჩაიხვია, ნეტავი! ვარსკვლავებს უკვე ელვის სისწრაფით ითვლიდა:

-გასულია ანკაც, მაკაც, ნუცოც, ელაც, კიდევ ლელა-ბელაც,  კიდევ ცოკუ-ბოკუც, ესეც ფოკუს-მოკუს!

ღამემ დატუქსა:

-ახლავე გაეცალე აქაურობას, თორემ მე შენ გიჩვენებ, ორბიტიდან გასვლა როგორაც უნდა!

მართლა გაეცალა, ირმის ნახტომის მთავარი გზისკენ  გაუტია, მაგრამ განა რცხვენოდა, ნება-ნება მიღიღინებდა, ჩიტუნასავით მიტიტინებდა:

-მე კვლავ ბევრჯერ დაგეწვევით, თქვენ კი ვეღარ დამეწევით!

ღამემ გაიცინა. გაიცინეს ვარსკვლავებმაც. თანამგზავრი ხომ მეტად საჭიროა. ის ხომ ადამიანებმა იმიტომ შექმნეს, რომ ციური სხეულები უკეთ გაეცნოთ. ყველაზე მეტად ვინ იცინოდა? - რა თქმა უნდა, პაკო, ბაკა,  ანკა, მაკა, ნუცო, ელა,  ლელა-ბელა, ცოკუ- ბოკუ,  ფოკუს-მოკუს!  ხედავ, თანამგზავრმა რამდენი ახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა!

პატარა გოგონა დედას კალთაში ეჯდა  და ცას თვალს არ აშორებდა, ვარსკვლავების სახელებს იმახსოვრებდა:  პაკო, ბაკა, ანკა, მაკა, ნუცო, ელა, ლელა-ბელა, ცოკუ-ბოკუ, ფოკუს-მოკუს!

-შვილო, უკვე ძილის დროა!-უთხრა დედამ. 

-რას ამბობ, დედა, ძილში ხომ ახალი ვარსკვლავების სახელები სულ დამავიწყდება!

დედამ ღამეს გახედა, იმანაც თავი დაუქნია,-მე ვიცი და ჩემმა ღამეულობამო, მომკლა ამდენმა არეულობამო.

-ჩჩჩ, ჩჩჩუმად!-ძლივს გასაგონი ჩურჩული გაისმა. ეს ძილი იყო,  ღამის ვეზირი. დადიოდა  და ფერად-ფერადი სიზმრების ასხმულებს დაატარებდა. ძილი  ჩუმად მიიპარა და ვარსკვლავების თვლაში გართულ გოგონას  ხავერდოვანი თითები თვალებზე ნაზად ჩამოუსვა:

-ფოკუს-მოკუს!  იძინე, პატარავ, იძინე! აი, შენ ყველაზე ზღაპრული, ყველაზე საყვარელი სიზმარი!-კეთილად გაიღიმა და მძინარეს ლამაზი სიზმარი  მოახურა. 

სძინავს პატარა გოგონას. ძილში ტკბილად იღიმება. სახეზე სულ ვარსკვლავების ნათელი გადასდის. მისი სიზმრის შინაარსს ვინ არ მიხვდება,-თავის პატარა მეგობრებს  დახუჭობანას ეთამაშება! ყველანი აქ არიან: პაკო, ბაკა, ანკა, მაკა, ნუცო, ელა, ლელა-ბელა, ცოკუ-ბოკუ, ფოკუს-მოკუს!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: პავლიაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ თანამშრომლობა

ასწავლეთ ბავშვს, როგორ იმუშაოს გუნდურად და გაუზიაროს თავისი ცოდნა სხვებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026