დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ვერაფერი დაინახა, უძველეს ტყეში მზის ერთი სხივიც ვერ ატანდა, ცა არც კი ჩანდა, ბინდი იყო და ციოდა. დინოს სულ არ მოეწონა იქაურობა, გაიფიქრა, მოდი, ისევ კვერცხში ჩავბრუნდებიო, მაგრამ ნაჭუჭი სულ დაფშვნილიყო და არაფრად ვარგოდა.
ჰყავდა თუ არა დედა, დინომ არც იცოდა. არც ის, დინოზავრი რომ იყო. მას უბრალოდ მარტო ყოფნა მობეზრდა და გვიმრების ტყიდან მინდორზე გაბობღდა. უცებ ჩახჩახა მზე დაინახა და გაუხარდა, კიდევ კარგი, მარტო არ ვყოფილვარო.
- ჰეი, მე ვინ ვარ? -დაუძახა მზეს, მაგრამ მზემ არაფერი უპასუხა, ცაზე ეკიდა და არხეინად ანათებდა.
დინოს უცებ თავზე მფრინავმა დინოზავრებმა გადაუქროლეს.
- ჰეი, დამელოდეთ, მეც მინდა ფრენა! -დაუძახა მათ დინომ, მაგრამ პტეროზავრები თვალს მიეფარნენ. დინომაც სცადა აფრენა, თუმცა ვერ შეძლო და დაღონდა.
უეცრად მიწა ატორტმანდა. მინდორზე უზარმაზარი ბალახისმჭამელი დინოზავრების ჯოგი გამოჩნდა. დინოს ისინი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, თვითონაც მათნაირი, ანუ გიგანტოზავრი გამხდარიყო, მაგრამ ბალახი რომ გასინჯა, არ მოეწონა. მიხვდა, სულ სხვა ჯიშის დინოზავრი რომ იყო. ჯოგმა ჩაიარა. დინომაც გზა გააგრძელა.
უცებ მინდორზე პეპელა შემოფარფატდა. შეხედა დინომ და ძალიან მოეწონა, აი, ვინ უნდოდა, რომ ყოფილიყო. ადგა და პეპელას გაეკიდა. მას კი პატარა დინოზავრისა სულაც არ შეშინებია, სულ თავზე დაჰფარფატებდა. დიდხანს ითამაშეს დინომ და პეპელამ. მერე დინოს კუჭი აუწრიალდა, მაგრამ ჯერ არ იცოდა, რომ ეს შიმშილი იყო. კუჭი თურმე სხვასაც აწრიალებოდა, ერთმა საზარელმა ტირანოზავრმა შენიშნა და მისკენ გამოექანა, თავს წამოადგა, დინოს არ შეშინებია. არ იცოდა, ეს ბრაზიანი დინოზავრი რას უპირებდა, თუმცა არ მოეწონა და გადაწყვიტა, ასეთი არასოდეს გამხდარიყო. მტაცებელმა, ის ტირანოზავრი იყო, პირი დააღო. იმის ხახაში პატარა დინოზავრი მთლიანად მოთავსდებოდა.
უცებ ვიღაცამ დაიღრიალა, ეცა ტირანოზავრს და გვერდზე მოისროლა. დამარცხებული მტაცებელი მინდვრიდან სასწრაფოდ გაიძურწა. დედამ შვილს ალერსით აუსვა ენა. თურმე აქამდე დაეძებდა. დინო უცებ მიხვდა, რომ ამხელა ქვეყანაზე მარტო არ იყო და რომ ეს ალერსიანი არსება მისი დედა იყო.
- არ გშია? წამო, გაჭამო რამე! -უთხრა დედამ და გატრიალდა. დინოც გამოუდგა. კითხვები არ ასვენებდა:
- დე, სად იყავი, როცა დავიბადე? დე, მე რისი მჭამელი ვარ? რა დინოზავრი ვარ? ფუ, ტყეში არ მინდა, ბნელა და ცივა... იცი, დე, მე პეპელას ვეთამაშე... ხვალ ისევ ვნახავ?
ღამე დინოს დედის გვერდით ეძინა. ძილში იღიმებოდა, რადგან არც შიოდა, არც სციოდა და არც არაფრის ეშინოდა. სიზმარი ნახა. ვითომ ყვავილებით გავსებულ მინდორში თავის ნაცნობ პეპელას დასდევდა, ეთამაშებოდა. წუთით გაეღვიძა, დედას მიეკრა:
- დე, რა კარგია, რომ დავიბადე!
- მშვიდად იძინე, შვილო! - დედამ ალერსიანი ხმით ჩასჩურჩულა.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
მხარი დაუჭირეთ მათ რომ გახდნენ დამოუკიდებლები
ბავშვმა სკოლამდელ ასაკშივე უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად მოქმედება. სახლში თქვენ შეგიძლიათ მას მოსწმინდოთ პირი, დააბანინოთ ხელები ჭამის ან თამაშის შემდეგ. თუმცა, ბავშვი ამგვარად განებივრებული ვერ იქნება სკოლაში. მაშასადამე, აუცილებელია ასწავლოთ ზოგიერთი რამ და მოამზადოთ სკოლაში წასვლამდე. ამ პატარა ნიუანსების სწავლება განაპირობებს პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, რაც ბავშვს ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო