kids.ge logo

ჩანგური

ვუძღვნი ან. მუსხელიშვილისას

ფავორიტებში დამატება
მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა,
გულს სიწმინდით ახურებდეს!

ერთი ჰქონდეს მას საგანი:
ჰარმონია მისი ხმების
ცხოვრებაში იყოს ბანი
ხან ლხენის, ხან მწუხარების!

აღტაცებით სიმთა ჟღერა
გამოსცემდეს მაგნიტის ხმას
და მაზედაც ჩემი მღერა
ორხმოვანად გამოისმის,

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით
თვალთ ცრემლები ეშრობოდეს
და მჩაგვრელს კი გულში ძგერით
სარივით ესობოდეს!

მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს
შორდება უქმად გდება
და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,
ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!

გამიქვავდეს მაშინ ენა,
თუ რომ ვისმე მივეფერო,
და გამიხმეს ეს მარჯვენა,
თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...

რაგინდ ბედით ვიყო კრული,
საშინელიც მექნეს ბოლო, -
არ შედრკება ჩემი გული,
გინდა ქვითაც ჩავიქოლო!

სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,
თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,
და მაინც არ აღვირებ
შავს თეთრად და თეთრსა შავად!

მე ჩანგური მისთვის მინდა,
რომ სიმართლეს მსახურებდეს,
განამტკიცოს აზრი წმინდა
და გულს წრფელად ახურებდეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემო თავო, ბედი არ გიწერიაჩემო თავო, ბედი არ გიწერია! ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია! ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია, რადგანც სატრფო...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...სალამურიგამიგონია, ვითომც ლერწამი ობლის საფლავზე ამოსულიყოს და თავის ქნევით, დამუქრებული, მაღლა ზეცისკენ ის წასულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026