kids.ge logo

არაგვს

ფავორიტებში დამატება
დაწუხებულმა, არაგვო,
რო გნახე, გავიხარეო,
სრულიად გამოვიცვალე,
წელშიაც ავიხარეო.
რა ლამაზია, წყელო,
შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,
გააფთრებულსა ტალღასა
კლდეს რო წაუვლენ თქერანი!
შენ თვალს გარიდებ მაშინა,
მთებისკე მწადის ცქერანი,
უნდომლად მამინდებიან
ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.
გულიც იქ იწევს, თვალიცა,
იქ რო მაღალი მთებია,
ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,
ვის ძუძუც პირში გდებია, _
მათ კალთაზემც მოვკვდები,
მათ ლოდი გულსამც მდებია!
ზაფხულში აყვავდებიან
მკერდნიც კი სალის კლდისანი,
ყვავილთ პირს ეკონებიან
ცივნი ნამცვრევნი ცისანი.
გაჰყუჩებია ნიავსა
ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,
ღარ აჩხერებს ქვიშათა
კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.
ხან რომ ცა მაიღრუბლება,
ჩაბნელდებიან ხევები,
გაჩნდება მეხთა ტკრცილი,
ათრთოლდებიან ხები,
კლდეებზედ დაკეცება
სვავთა და არწივთ ფრთები.
თმებს უკუიყრის ნაკადი,
ცისაკ დაწყებს ცქერასა,
შაჰყურებს გაცებული
შავის ღრუბლების მღერასა.
რა ყურმა უნდა გაუძლოს
იმ მთების გულის ძგერასა?!
ხშირად მოხეთქილს წვიმასა
სიპისა აქვის ღარები,
აქა-იქ გაიმტვრევიან
პირგაშალი ღვარები.
ზიდებიან შენკენა
ის გრძნობისაგან მთვრალები,
მათ ვეღარა დაჭერს,
თუნდ რკინის დახვდეს კარები!
ახლა ავდარიც გადიყრის
და მზეც გადივლის გორასა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები
ხევებში სდგამენ გორასა.
ვეღარა ჰბედვენ ბეჩავნი
მთებისად მეხის სროლასა,
მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი
სახვალიდაც ბრძოლასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026