kids.ge logo

დიდი თამარი

ფავორიტებში დამატება
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყულად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა გხედაო.
რუსთველის ქებას ჩველო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: “რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!”
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნობისა,
ჩემიც მიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავში
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედი-ზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩვენო ლამაზო დედაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...სიმღერაარცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა, დავდივარ დედიშობილა, მეც იმათ ჯოგიდამა ვარ, ვინც სიღარიბით ცნობილა. ამ წუთის...საახალწლოდთქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რა...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...ხევზედ მიდიან ნისლებიხევზედ მიდიან ნისლები, გაჩქარებულნი, მღერითა. როგორ ხარობენ ტივლები, რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა! ვეღარას ვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026