kids.ge logo

არწივი

ფავორიტებში დამატება
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
რავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტერსა,
ხმლები, ხანჯრები ელავდეს.
სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,
ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;
ფარების დადგეს ჯღრდები,
თვალები თვალებს სწველავდეს;
მოციქულობდნენ ტყვინი,
შუბები შუბებს სწვერავდეს.
ჭიაფრად მუზარადებსა
სისხლის წვიმაი ჰფერავდეს;
დაგელაობდეს სიკვდილი,
სუდარაებსა ჰკერავდეს.

ვინც მიგებოს მტერს წინა,
წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,
სახე სისხლგადამდინარი
ტკივილს არ გამოტყოდეს,
თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,
ზედ ქორებულად ფრინავდეს,
სიცხეში სიოდ დაჰბეროს,
დაათბოს, როცა ჰყინავდეს.
პირველად ომის დამწყები
ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;
სხვანი იყოფდენ ნადავლსა,
ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;
მიძღვნილსა საუფროსოსა
ამხანაგებსვე სწირავდეს.
დარაჯად ედგას ლაშქარსა,
როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.
სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,
ცდუნება არა სძირავდეს.

მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,
მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.
იქ იდგას ხმალამოწვდილი,
საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,
დაბეჩავებულს სიმართლეს
სამართლობა სძალავდეს.
სხვისა იუბნოს სახელი,
თავის გარჯასა ჰმალავდეს.
მზედ იდგეს ხევსურეთისა,
უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.
სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,
კვდებოდეს, არა გმინავდეს;
თავის სამარხად, სუდრადა,
მარტო სახელსა სწირავდეს.

ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,
მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.
წყლული სცნას დედის კოცნადა,
თავის ლოგინად - სამარი,
საკაცე - თავის ლურჯადა,
ქვა-ლოდი - ნაბდად საფარი,
ქალისა, რძლისა ქვითინი
გონოს სიცილ-ხარხარი,
დენა ცრემლისა - ხორხოშა,
ღრუბელთა გადმონაყარი.

სულეთს შავიდეს ხმლინი
ლაღი ლაღისა ცხენითა,
წინ მიუძღოდეს არწივი
ხმით მოყაშყაშე, ფრენითა.
ქება უყივლონ გმირებმა,
გადასრულებმა ჩვენითა.
რეკლემ ხელი მაჰხვიოს,
დაისვას თავის გვერდითა,
გამაგებოს თამარი
მცინარი, თავის ფეხითა.
გახარებული უფალი
კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.
ანგელოზები ხარობდენ,
ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.

ი, ვინაა კაი ყმა,
მოსაგონარი ქებითა!
რა თქვენ, სადიცენო,
რო ძროხებივით სძღებითა;
ღამე მაძღრები დასწვებით,
დილით მშივრები სდგებითა;
თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არცროს არ გამასდგებითა.
თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,
ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;
გაიგებთ კარგის გარჯასა,
წყინსთ და შურითა ხდებითა;
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა.
დაჰკარგავთ საქასა,
ვერც საიქიოს სწვდებითა.
არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...უნუგეშო ყოფნაიას, ბნელს ხევში მოსულსა, დიდი ჭანდრები ჰფარავდა, ეწადა დიდხანს სიცოცხლე, წადილს აღარა ჰმალავდა: ინაბებოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026