kids.ge logo

ღამურა

(ზღაპარი)

ფავორიტებში დამატება
ერთმა უგნურმა თაგუნამ
კადრისა თაგვობა,
დასწყევლა თვისი გაჩენა,
ბუნების იწყო მან გმობა:
“იმ უსამართლო ბუნებამ
თაგვად რად გამაჩინაო?
მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,
მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!
“ვის ეკადრება თაგვებთან
კუდის ბზეკა და ლხენაო?
მე შემშვენოდა ჩიტობა,
რომ მეწყო აღმა ფრენაო.
“რომ ვინმე ჩიტად მაქცევდეს,
გამომაბამდეს ფრთებსაო,
გავფრინდებოდი, ერთს წამსა
გადავივლიდი მთებსაო!”
რომ დაასრულა ეს ნატვრა,
ნახა, რომ ფრთები ესხმება
და მეტის სიხარულითა
საბრალოს თავბრუ ესხმება...
ზიზღით შეხედა თვის ტოლებს,
დაყოვნებლივ ავარდა,
ჩიტებში გამორია,
მანაც გაინავარდა...
ჩიტებმა ახედ-დახედეს,
სთქვეს: “ვინ მოსულა ესაო?
რა სჯულის ცხოველი არის?
ჩვენთან ვინ გააწესაო?
“თვალ-ტანადობა თაგვს უგავს,
ფრთები ასხია ჩვენიო!
როგორღაც კეთილ სულს არ ჰგავს...
ჭირი არის და სენიო!
“ეგება მტრებმა მოგზავნეს,
შემოჩენილი იყოსო!
რიქა, ფრთხილად იყავით,
რავინ გაგვაბრიყვოსო!...”
დაჰჟღივლეს, ჩანისკარტეს,
გაჰკრეს-გამოჰკრეს ბრჭყალები,
სისხლი ადინეს ღამურას,
გამოუბნელეს თვალები!
დაღმა დაეშვა ღამურა,
მიმართა ისევ ძველ სადგურს...
მაგრამ იქ უფრო შავი დღე
დაუდგა მაშინ უბედურს:
თაგვებმა აითვალწუნეს,
ღარ მიღეს, რომ ნახეს,
მივარდნენ ერთად საკბენად,
“ჰკა მაგასაო!” დასძახეს...
მაშინ კი მიხვდა ღამურა,
რომ ანგარიში წაუხდა
და მისი ნატვრა უგნური
საჭირბოროტოდ აუხდა!
გვიანღა იყო! გაფრინდა
გაკიცხულ, თავლაფდასხმული,
ერთ ძველ ნანგრევში შეფრინდა
და მოიბრუნა იქ გული.
მას შემდეგ ნანგრევში ბუდობს,
დღე-დღე ვერ ჩნდება სირცხვილით
და მუდამ ამას წრიპინობს
კვნესით და გულის ტკივილით:
“კრულ იყოს მისი სახელი,
ვინც მთა გასცვალოს ბარზედა!
თვის ტომის დამწუნებელსა
ჭირი მივა კარზედა!
“ნურავინ ისხამს სხვის ქურქსა
და ნუ სცვლის თვისსა ენასა,
თორემ ბოლო დროს მოიმკის
ჩემსავით ცრემლთა დენასა!
“გადაგვარების მოსურნე
ბუნებისაგან კრულია!
მისი პირადი ღირსება
ყოველგან დაჩაგრულია!
“ძველ ტომში გამოსხლეტილსა
არ მოუშლიან კბენასა
და ახალ ტომშიც გაჰკიცხვენ:
დაწუნებენ ფრენასა!
“კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა-ენასა,
თვის ტომს ჰღალატობს და მითი
თვით ჰფიქრობს მაღლა ფრენასა!”...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...თქვენი ჭირიმეამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!… ბევრ...ინტერნაციონალიაღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! გაიღვიძე პროლეტარო! ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო! უნდა მტ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026