kids.ge logo

იუბილე

ფავორიტებში დამატება
ეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ?
სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?

ყენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვის?
რა მიმიძღვის სამსახური მისთანა?

ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,
გაურჩევლად ტომისა და წოდების,
აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი
ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..

მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..
სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..
მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,
იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!

ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..
სამისო, აბა, რა მომიცია?
ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს
და იმისი არის რეპეტიცია!

მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას
შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:
“ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”
ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...შიქასტავით სნეულსა თანაუგრძნობს მისივე მსგავსი სნეული, ისე მკვნესარ შიქასტის ხმას ძგერით უგრძნობს ჩემი გული. ახ,...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026