kids.ge logo

ხარაბუზა და ფუტკარი

ფავორიტებში დამატება
ხარაბუზა ფუტკარს შეხვდა,
მიძახა: “გზა მომეო!
ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ?
როგორ გამეთამამეო?

“თუ ვერ ატყობ თავს, ვინცა ხარ,
გამიგონე, რომ გითხრაო:
შენ რომ ფრთები გამოგბმია,
ღმერთიც მაშინ გაგიწყრაო!

“ბზულასა, ტყულასა,
შხამიანსა, მკბენარსაო,
ვინ არ გიცნობს უსაქმურსა,
მფრინავს მოუსვენარსაო?!

“მე კი დარბაისლად მცნობენ,
შრომისა ვარ მოყვარეო...
ჩემთვისა ვარ, არვისა ვკბენ,
არ ვარ შენი მოგვარეო!

“ქვეყნის თვალში მე სულ სხვა ვარ,
შენ სულ სხვა ხარ... ხომ ხედავო?
ჩამოდექი, გზა მომეცი!..
ურჩობას ნუ მიბედავო!”

ფუტკარმა ეს უპასუხა:
“ნუ მაცინებ, ხა-ხა-ხაო!
ვინც რომ ქვეყნად გაგაჩინა,
ნეხვის ჭიად დაგსახაო!

“ბევრს რომ შრომობ, ნუთუ ჰფიქრობ,
რომ მთა და ბარს ასწორებო?..
მხოლოდ ფუნეს აგუნდავებ,
იქვე ახლო აგორებო.

“ის ხომ შენი საზრდო არის?
შენს მეტს არვის არგიო!
შენ აკეთებ... შენვე ჰზიდავ...
საკუთარი ბარგიო!

“დარბაისლად იმუშავებ,
რაღად ირბენ, აბა, შორსო?
ყოველ ფეხის გადადგმაზე
ნახავ, გინდა მთელ გოდორსო!

“მე კი სხვა ვარ... სულ სხვა მუშა
და სხვაგვარად მოღვაწეო:
ზეცის მუშას მეძახიან,
არ ვარ მარტო სამიწეო!

“მისთვის დავფრენ მოუსვენრად,
რომ მოვძებნო ყვავილიო,
გულის წვენი ამოვწუწნო,
სამკურნალო რამ ტკბილიო.

“შევუმზადო მით ქვეყანას
თაფლი, ზეცას - სანთელიო,
რომ იქ წმინდად შეწიროს
და ანათოს აქ ბნელიო.

“ვინც მე იმ დროს ხელს შემიშლის
ქვეყნის მტერიც ის არიო,
და მისთვის მაქვს მომართული
გესლინი ისარიო!”

ეს უთხრა და ფრთა გაშალა,
მიშურა ყვავილებსა...
და ჩვენც ამგვარ პასუხს ვკადრებთ
ზოგიერთ ჩვენს ყმაწვილებსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქებათა-ქებასხვებმა სვან ღვინო, მე უღვინოდაც მთვრალი ვარ პირად ბედნიერებით და ნეტარებას მიმრავალკეცებს მიდამო მისის მ...სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026