kids.ge logo

ჩემი ვედრება

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, მიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
რა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიდე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლირი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026