kids.ge logo

აღმართ-აღმართ

ფავორიტებში დამატება
აღმართ-აღმართ მივდიდი მე ნელა,
სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა;

მზემან სხივი მომაფინა მაშინა,
სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.

შემიდუღდა მაშინ სული და გული;
იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.

გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო,
ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.

ხმა სიმართლის შეპოვრად გაისმა,
(აწ იგი ხმა ვერ ისმინოს გაისმა).

ცის მახლობლად ფეხ-ქვეშ ვიგრძენ მიწა მე,
ვსთქვი: “ცხოვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!”

და ვიფიქრე “ჩემი სატრფო სად არი?
ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?”

გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!
გამიკვირდა! ვსთქვი: “მტერს როგორ მონებდა?

მოხიბლულა, შემცდარია, ის არი…
ლერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!”

მივაძახე: “ჭინჭარში ნუ ვარდები!..
ნუ გგონია იქ ია და ვარდები!

შეიბრალე თავი შენი, იცოდე!
მაგ შარბათში საწამლავს სვამ, იცოდე!”

არ მისმინა მწუხარებით დანაგულს,
და დამასო საკუნოდ დანა გულს!

აღმართ-აღმართ მივდიდი ნეტა რად,
თუ ამ სერზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარად?

ჩემო თავო! ვეღარ გკურნვენ წამალით!
დაღმართ-დაღმართ დაყევი, წა მალით!

იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,
ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!

დავიწყე, ვინც გახსოვდა, მარად ის!
ხელ-დაკრებით განისვენე მარადის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....თორნიკე ერისთავივინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026