kids.ge logo

როს განვიცადე ბედკრულმან

ფავორიტებში დამატება
როს განვიცადე ბედკრულმან,
გულის საკვდავად, დარია, -
ცნობა მიმხადა მთიებმან,
სურვილმან მისმან დარია.
ვერ ესწორვიან ციურნი:
კრონოსი, დია, დარია;
მკრთოლვარებს სხივი ბაკთაგან,
ვითა მრისხანე დარია.
მჭვრეტელთა შუქთა მფენელად,
შვიდთავე ცთომილთ დარია!

შენ, მუშთარსა, გეჯები
გულ-მტკივნეული, მტირალი:
მოყვარემ მომწყლა საკვდავად,
ტყორცნა ჰინდელთა სამალი;
ვეღარა დავჰსთმე, მიმჭირდა,
აწ არღარა არს სამალი.
მას მოუკლავარ, ირწმუნე,
ვისა აქვს ბაგე მჭვირვალი;
ბროლი და ლალი შეთხზულან;
ქვე დარიდებით დარია!

ისმინე ჩემი ჩივილი
და მწუხარება ვითარი!
წამსვლიან სრულად ცნობანი
და დამცემიან ზე-ზარი;
გულსა შემდგმია საჭრელად
მახული გიშრისა სარი;
გაფიცხებულ-არს გონება,
ურწყულში მიმომარი:
სულ-დგმულსა არა მიტევებს
გი ჯალადთა დარია!

ზენაროვ მარიხო,
რად მრისხავ ესრეთ დაგულსა?
გაფუცე მზესა მას შენსა,
ნუ დამიტევებ მე წყლულსა!
უმკურნალოდღა რაღა ვჰყო?
ვერ დაგაშორვებ აწ გულსა!
ვაი, თუ არა ელხინოს
რაყიფებთაგან გაბმულსა!
თავსა მოვიკლავ უცილოდ,
ის ჟამი მათ-თვის დარია!

ჰე, საყვარელო, ისმინე;
შენი სახმილი მგზენია;
ღაწვი ბროლითგან ვარდს ჰსჩაგრავს,
მჭვრეტელთა ამაზრზენია;
რა შენ გამოჰსჩნდი ქვეყანად,
გაცუდდე ცისა მზენია!
ნუ ხარ უწყალოდ, იკმავე
ესდენი სინაზენია!
განაგდე იგი ჟამები,
აწ, მზეო, ჩემკენ დარია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...მოგშორდი სულსამოგშორდი სულსა აღნაგ-შემკულსა, ბრძენ-განკაზმულსა, ანდამატ-გულსა, ჩემთვის მოსრულსა, გონება-სრულსა!...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026