kids.ge logo

მახეში გაბმული ჩიტი

ფავორიტებში დამატება
ბავშვები:

გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ!
ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ,
დაგვიმორჩილდი, რას წვალობ?

ჩიტი:

ნეტავი რისთვის გინდივართ,
ბავშვებო, გენაცვალებით?
გამიშვით, ჩემთვის გავფრინდე,
რას გამორჩებით წვალებით?

ბავშვები:

ვერ შეგელევით, მალხაზო,
გაცდენთ ყოველ გასაჭირს;
სულ შაქრით ჩაგიტკბარუნებთ
მაგ პაწაწინა ყელს და პირს.

ჩიტი:

რად მინდა თქვენი შაქარი?
არ მიყვარს, ჩემთვის მწარია,
მინდორში ვიჭერ ბუზ-პეპლებს,
სხვაც ბევრი საკენკარია.

ბავშვები:

ტრიალს მინდორში, საწყალო,
გაგყინავს ცივი ზამთარი,
და აქ კი ოქროს გალი
შენთვის ახლავე მზად არი!

ჩიტი:

ნუ შიშობთ! გადავფრინდები
საზამთროდ თბილსა მხარესა,
ტყვებაში კი სამოთხეც
არ მინდა გულმწუხარესა!

ბავშვები:

ახ, რომ იცოდე, ჩიტუნო,
რარიგად შეგიყვარებდით?
არ მოგაწყენდით, ღმერთმანი,
ნიავს არ მოგაკარებდით.

ჩიტი:

ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა,
შეფერვით უეჭველია;
მაგრამ ეგ თქვენი ალერსი,
რა ვქნა, რომ მავნებელია?

გალია ჩემთვის ციხეა,
ეს, ბავშვნო, ნუ გავიწყდებათ;
ტყვედ ყოფნა მაწყენს, ფეხებს ვფშეკ
და თქვენვე გული დაგწყდებათ.

* * *

გაუშვეს, უთხრეს: „მაშ ღმერთმა
აწ მოგომართოს ხელიო!
გაფრინდი, გადარე
ჭიკჭიკით მთა და ველიო“.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ჭაღარაის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა. გული არ იშლის...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...უკანასკნელი ლექსიაღარ გსურს ჩემი ანთება, მნათე ხარ სხვისი ლამპრისა!.. დამწუნებელო ბულბულის, გიყვარს ჭიკჭიკი სხვა მხრისა!… ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026