kids.ge logo

დიდი თამარი

ფავორიტებში დამატება
ქალო, ქართველთა სულის დგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყულად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა გხედაო.
რუსთველის ქებას ჩველო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: “რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!”
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნობისა,
ჩემიც მიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავში
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედი-ზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩვენო ლამაზო დედაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026